ათი მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა

ათი მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, სულ მცირე, 10 მოსამართლეა, ვინც არ ეწინააღმდეგბა საკვანძო თანამდებობებზე მომუშავე მოსამართლეების კეთილსინდისირების შემოწმების მექანიზმს. მეტიც, ზოგიერთი მათგანი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუ მსგავსი მექანიზმი კანონით დაინერგება, თავად მისი კეთილსინდისიერებაც შემოწმდეს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემაში მაღალ თანამდებობებზე არ მუშაობს.

საუბარია იმ მოსამართლეებზე, რომლებმაც ამ საკითხზე ნეტგაზეთის წერილს უპასუხეს ან პოზიცია სხვა ფორმით, საჯარო სივრცეში დააფიქსირეს.

ნეტგაზეთი სხვა მოსამართლეებისგანაც ცდილობს პასუხების მიღებას  და სტატია შესაძლოა განახლდეს.

რა ხდება?

ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს მაღალ თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.

აღნიშნული ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ბედი უნდა გადაწყვიტოს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აცხადებს, რომ შეთავაზება ანტიკონსტიტუციურია და მის განხორციელებას არ აპირებს, უზენაესი სასამართლოს სახელით კი გავრცელდა განცხადება, სადაც შეშფოთებაა გამოხატული მსგავსი შეთავაზების შესრულებაზე.

ათამდე მოსამართლის პოზიცია

„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა, თუ რა პოზიცია აქვთ ამაზე თავად მოსამართლეებს და იმ მოსამართლეებთან სცადა დაკავშირება, რომლებსაც წარსულში გამოუხატავთ სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფისგან განსხვავებული პოზიცია .

კერძოდ, მათ ვკითხეთ, თუ როგორ აფასებენ ევრორეკომენდაციას, რომელიც გულისხმობს სასამართლო სისტემაში საკვანძო თანამდებობებზე განწესებულ პირთა კეთილსინდისიერების ხელახლა შემოწმების მექანიზმს. ამასთან, მოსამართლეებს ვთხოვეთ ეპასუხათ, ექნებოდათ თუ არა მზაობა, ამგვარი შემოწმება თავადაც გაევლოთ, თუ იქნებოდნენ იმ თანამდებობაზე, რომელიც შესაძლოა მოექცეს ხელახალი შემოწმების ქვეშ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლე ტყიბულის მუნიციპალიტეტში ციცინო კიკვაძე „ნეტგაზეთის“ კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ სრულად იზიარებს ევრორეკომენდაციას და პირადად ისიც მზად არის გაიაროს შემოწმება, მათ შორის, კეთილსინდისიერების ნაწილში:

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

„სრულად ვიზიარებ ევრორეკომენდაციას და პირადად მეც მზად ვარ, გავიარო შემოწმება, მათ შორის, კეთილსინდისირების ნაწილში“, — უთხრა ციცინო კიკვაძემ „ნეტგაზეთს“.

საკუთარი კეთილსინდისიერების შემოწმებისთვის მზაობას გამოხატავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძეც:

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

„შეფასებისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება შემოწმებას, კანონიერების ფარგლებში ნებისმიერ დროს“, — მისწერა გიორგი ებანოიძემ „ნეტგაზეთს“.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე კი „ნეტგაზეთს“ სწერს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა შეუძლებელია განხორციელდეს დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის გარეშე, ასეთ სისტემებს კი კეთილსინდისიერი მოსამართლეები ქმნიან, რომლებსაც საზოგადოების მაღალი ნდობა აქვთ.

მოსამართლე ლევან დარბაიძე

მოსამართლე ლევან დარბაიძე აცხადებს, რომ როდესაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმება საქართველოს ევროპულ მომავალთან პირდაპირაა დაკავშირებული, პირადად მას ამის საწინააღმდეგო ვერაფერი ექნება და მზადაა თავადაც გაიაროს ამგვარი შემოწმება, თუ საჭიროება დადგება:

„ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ჩვენი ევროპული პერსპექტივა შეუძლებელია განხორციელდეს დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის გარეშე. ასეთი სისტემას კი ქმნიან პროფესიონალი და კეთელსინდისიერი მოსამართლეები, რომლებიც საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობენ.

კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი ის კრიტერიუმებია, რომლებსაც მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს არა მარტო თანამდებობაზე განწესებისას, არამედ მთელი სამოსამართლო საქმიანობის განმავლობაში. ამდენად, აღნიშნული კრიტერიუმების გადამოწმება შესაძლებელია  ნებისმიერ დროს მოხდეს. საზოგადოებრივი ნდობა, ეს არის დემოკრატიული საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, რომელსაც მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს.

ამიტომ, მით უმეტეს, დღეს, როდესაც მოსამართლეთა კეთილსინისიერების გადამოწმება პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან, რა თქმა უნდა, პირადად მე არ შეიძლება, რაიმე საწინააღმდეგო მქონდეს. მე მზად ვარ გავიარო აღნიშნული შემოწმება, თუ ამის საჭიროება იქნება“ ,— მისწერა ლევან დარბაიძემ „ნეტგაზეთს“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ ხაჟომიამ კი მოგვწერა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რაც ევროინტეგრაციის პროცესს წაადგება:

მოსამართლე თამარ ხაჟომია

„თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავიღოთ და გავაკეთოთ, რაც ევროინტეგრაციის პროცესს წაადგება, ჩვენი შვილების მომავლისთვის“, — უთხრა მოსამართლემ „ნეტგაზეთს“.

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა პირად ფეისბუკ გვერდზე გააზიარა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძის და თბილისის საალეპაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილის კომენტარები და აღნიშნა:

მოსამართლე მამუკა წიკლაური

„სრულიად ვეთანხმები კოლეგებს. კეთილსინდისიერება ისედაც წარმოადგენს მოსამართლეობის კრიტერიუმს. ამიტომ, ეს დაბრკოლება არ უნდა იყოს. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ევროპულ მომავალს. მზად ვარ ისევ გავიარო აღნიშნული ტესტი“ ,— წერს მამუკა წიკლაური.

კერძოდ, თბილსის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ „მთავარ არხს“ განუცხადა, რომ მზადაა საჭიროების შემთხვევაში მისი კეთილსინდისიერებაც ხელახლა შემოწმდეს:

მოსამართლე მადონა მაისურაძე

„როგორც ცნობილია, გასულ წელს მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების მიზნებისთვის, საქართველოსთან ერთად, სხვა ქვეყნებსაც დაევალა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება… მზად ვარ ჩემი კეთილსინდისიერება გადაამოწმონ” ,— ამბობს მოსამართლე, მადონა მაისურაძე „მთავარ არხთან“.

ვრცლად წაიკითხეთ:უზენაესი სასამართლო „ვეტინგზე“: ლახავს სასამართლოსა და მოსამართლის დამოუკიდებლობას

ასეთივე პოზიცია აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილსაც, რომელიც ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა გაიაროს როგორც კეთილსინდისიერების, ასევე პროფესიონალიზმის ტესტი:

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი

„საჭიროების შემთხვევაში მექნება მზაობა ნებისმიერი შემოწმების გავლის, იქნება ეს კეთილსინდისიერების თუ პროფესიონალური ტესტი”, — სწერს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი „მთავარ არხს“.

ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ სასამართლო სისტემაში საკვანძო თანამდებობაზე დასაქმებულთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის წინააღმდეგ უზენაესი სასამართლოს პოზიციას  არ იზიარებს ამავე სასამართლოს ორი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურმა დაუდასტურა.

„ნეტგაზეთის“ კითხვის საპასუხოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე აცხადებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება ყველა მიმართულებით, მათ შორის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია და თავადაც მზადაა საჭიროების შემთხვევაში ამგვარი შემოწმება გაიაროს:

ეკა არეშიძე

„რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის პროგრესულ მომავალთან.

რაც შემეხება პირადად მე, ნებისმიერმა მოსამართლემ უნდა შეძლოს კეთილსინდისიერების ტესტის გავლა, ეს მოსამართლის თანამდებობაზე განმწესების ძირითადი კრიტერიუმია, შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ შემოწმებისთვის. მნიშვნელოვანია, თავად პროცესი იყოს გამჭვირვალე და მაქსიმალურად ობიექტური“ — უთხრა ეკა არეშიძემ „ნეტგაზეთს“.

ნეტგაზეთი სხვა მოსამართლეებისგანაც ცდილობს პასუხების მიღებას  და სტატია შესაძლოა განახლდეს.

რა არის და ვის შეიძლება შეეხოს კეთილსინდისიერების ხელახალი შემოწმების მექანიზმი

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხება, სასამართლო სისტემაზე ახალი რეკომენდაცია გაჩნდა.

კერძოდ, ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია ტერმინ „ვეტინგს“ არ იყენებს, იურისტების შეფასებით, ეს ჩანაწერი, ფაქტობრივად, ხელისუფლებას სწორედ ამისაკენ მოუწოდებს, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას და ხელახლა შეფასებას გულისხმობს, მათ შორის ,მათი ფინანსების გამოაშკარავებით, შესაძლო ნეპოტისტური კავშირების შემოწმებით და სხვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგმა“ შეადგინა იმ პირთა სია, რომლებსაც აღნიშნული მექანიზმის დანერგვის შემთხვევაში შესაძლოა შეეხოთ კეთილხინდისიერების ხელახალი შემოწმება. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საუბარია არა ყველა მოსამართლეზე, არამედ დაახლოებით 60 პირზე, რომლებსაც სასამართლო სისტემაში მაღალი თანამდებობები უკავიათ.

როგორია ხელისუფლების პოზიცია

„ქართული ოცნება“ უარს ამბობს, დანერგოს მექანიზმი, რომელიც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს.

მმართველ პარტიაში ცდილობენ, ე.წ. ვეტინგი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა, იმ ყველაფერს, რაც ამ ინსტრუმენტის უკან დგას, საქართველოსაგან სინამდვილეში ევროკომისია ითხოვს. “ოცნების” კიდევ ერთი არგუმენტი სუვერენიტეტს ეხება, რასაც მისი ოპონენტები არ იზიარებენ.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: რას ნიშნავს „ოცნების“ უარი სასამართლო სისტემაში „ვეტინგზე“

საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიის ამ რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდებენ სამოქალაქო ორგანიზაციები. ხუთმა მათგანმა განცხადება 13 მარტსაც გაავრცელა და უზენაესი სასამართლოს პოზიციასაც გამოეხმაურა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, „დემოკრატიის მცველები“ და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ აღნიშნავს, რომ ხელისუფლების რიტორიკას სწორედ ის პირები შეუერთდნენ და კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას სწორედ ის მოსამართლეები დაუპირისპირდნენ, რომელთა კეთილსინდისიერების მიმართაც საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვა არსებობს.

„მაგალითად, კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას დაუპირისპირდა უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე, შალვა თადუმაძე, რომლის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს.  ასევე კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ვერ ხედავს ლევან მურუსიძე, რომლის სახელიც ქვეყანაში წლების მანძილზე უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებას უკავშირდება და რომელიც გასულ წელს, კორუფციაში ჩართულობის გამო, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის, აშშ-ის მიერ დასანქცირდა.

კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ვერ ხედავს ასევე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე. მისი სახელი ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ „ფილიპ მორისის“ საქმესთან არის დაკავშირებული“, — ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების ავტორები არ ეთანხმებიან უზენაესი სასამართლოს სახელით გავრცელებული წერილის შინაარსსაც, სადაც ნათქვამია, რომ  ,,ვეტინგი“ არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დამატებით შემოწმებას არ საჭიროებენ, რადგან მოსამრთელეების კეთილსინდისიერება თანამდებობაზე არჩევის პროცესში უკვე გადამოწმდა:

„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ეს ფაქტი უკვე აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, რომელიც ხარვეზებით მიმდინარეობდა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ კრიტიკის საგანი გახდა.

მათ შორის უარყოფითი შეფასებები გაკეთდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერაც, რომელიც პროცესს მონიტორინგს უშუალოდ უწევდა. გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი პირდაპირ ეთერით გადაიცემოდა, ამ პროცესის ხარვეზების შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისათვისაც კარგად არის ცნობილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს სწორედ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული.

NETGAZETI