ნინოწმინდის მოქალაქეები სურსათის ფასებზე: გაიაფდა თუ გაძვირდა?

ნინოწმინდის მოქალაქეები სურსათის ფასებზე: გაიაფდა თუ გაძვირდა?

საქართველოში სურსათის ფასების შემცირება აღინიშნება და ქალაქი ნინოწმინდა გამონაკლისი არ არის.

რადიო NOR-მა ჩაატარა გამოკითხვა ქალაქ ნინოწმინდაში რათა გაერკვია, იგრძნობა თუ არა მოქალაქეებისთვის ფასების შემცირება.

Radio NOR · Цены На Продукты

როგორც აღნიშნავს გამოკითხულთა უმეტესობა, ფასების დაწევა იგრძნობა, განსაკუთრებით კონკურენციის ფონზე, თუმცა სხვა რესპონდენტი აღნიშნავს, რომ მაღაზიებში ფასები მაღალია, ხოლო სოფლის მეურნების პროდუქტისა – დაბალი:

“გაძვირებულია პროდუქტი, – ყველაფერი გაძვირებული გარდა სოფლად მცხოვრები ადამიანების მიერ წარმოებული პროდუქტისა. თივა მაქვს, ხორბალი, შვრია – დაბალია ფასები, მაგრამ მაინც ნისიად ყიდულობენ, ხოლო მაღაზიებში პროდუქტები გაძვირებულია, თმის შეჭრაც კი გაძვირდა.” – ამბობს ნინოწმინდის მოქალაქე.  

2024 წლის თებერვალში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა – ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. სურსათში ფასები წლიურ ჭრილში ზრდის ნაცვლად 3.5%-ით არის შემცირებული.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -1.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-18.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-14.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-9.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-5.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (21.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.8 პროცენტი), თევზეული (1.6 პროცენტი).

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.8 პროცენტით, რაც 0.61 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (6.3 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.4 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 8.6 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (4.5 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (2.7 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (5.0 პროცენტი). ინფორმაციას BMG ავრცელებს.