პროდუქტები, რომლის ტექნიკური/ლაბორატორიული შემოწმება არასოდეს ჩატარებულა – აუდიტის მიგნებები

პროდუქტები, რომლის ტექნიკური/ლაბორატორიული შემოწმება არასოდეს ჩატარებულა – აუდიტის მიგნებები

სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების აუდიტის ანგარიში გამოქვეყნდა. აუდიტმა ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ საზედამხედველო ბაზრის მოცვის ნაკლოვანებები გამოავლინა.

დოკუმენტში წერია, რომ არსებობს საზედამხედველო პროდუქტები, რომელთა ტექნიკური/ლაბორატორიული შემოწმება ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს არასოდეს ჩაუტარებია.

სააგენტოს ტექნიკური შემოწმებები ჩატარებული აქვს მხოლოდ პროდუქტის რეალიზაციის ადგილებიდან და საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონებიდან აღებული ნიმუშის ლაბორატორიული შემოწმებების/პროდუქტის გამოცდის გზით.

რაც შეეხება რეალიზაციის ადგილებში პროდუქტის ნიმუშის არალაბორატორიულ ტექნიკურ შემოწმებას, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს გააჩნია შესაბამისი მანდატი, აუდიტის პერიოდში სააგენტოს ამ სახის ზედამხედველობა არ განუხორციელებია.

სააგენტოს არასდროს ჩაუტარებია საქართველოს ბაზარზე განთავსებული შემდეგი საზედამხედველო პროდუქტების ტექნიკური/ლაბორატორიული შემოწმება:

• თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლები;
• წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები;
• წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭლები;
• შეცდომაში შემყვანი პროდუქტები;
• ბაზარზე ბავშვების მოხმარებისთვის რეზისტენტული სანთებელები;
• ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
• აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობები;
• მანქანა-დანადგარები;
• პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობები და დამცავი სისტემები.

ამასთანავე, სააგენტო სრულად არ ფლობს ინფორმაციას მის მანდატში შემავალი თითოეული საზედამხედველო პროდუქტის ლაბორატორიული მომსახურებების შესაძლო მიმწოდებლებისა და მოსალოდნელი ხარჯების შესახებ.

სააგენტო არ გეგმავს ყველა საზედამხედველო პროდუქტის რეგულარულ ლაბორატორიულ შემოწმებებს და არ აწარმოებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას მომავალში ამ ტიპის შემოწმებების გააქტიურებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაინტერესებული მხარეები, მათ შორის, ლაბორატორიული მომსახურებების პოტენციური მიმწოდებლები არ არიან ინფორმირებული საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიების შესაბამისი ტიპის მომსახურებებზე მოთხოვნის არსებობაზე და მისგან გამომდინარე სარგებელზე. აღნიშნული განაპირობებს საქართველოში შესაბამისი ლაბორატორიული მომსახურებების განვითარებისა და მიწოდების მიმართ პოტენციური მიმწოდებლების მხრიდან ინტერესის ნაკლებობას.

ამასთანავე, აუდიტი წერს, რომ ტექნიკური შემოწმებების არალაბორატორიული ფორმების განუვითარებლობის გამო, საზედამხედველო პროდუქტი უშუალოდ სააგენტოს მიერ ტექნიკურად არ მოწმდება.

ცნობისთვის: ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ აიღო ვალდებულება, საკუთარი
პრიორიტეტების გათვალისწინებით, ეტაპობრივად დაუახლოოს კანონმდებლობა ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობას. აღნიშნული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და დაამტკიცა შემდეგი საზედამხედველო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტები:

•თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლები;
•წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები;
•წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭელი;
•შეცდომაში შემყვანი პროდუქტები;
•ბაზარზე ბავშვების მოხმარებისთვის რეზისტენტული სანთებელები;
•სამშენებლო პროდუქტები;
•სათამაშოები;
•ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
•აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობები;
•მანქანა-დანადგარები;
•პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობები;
•ლაქ-საღებავები (ტყვიის შემცველობა).

აღნიშნული პროდუქტების ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაექვემდებარა სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ზედამხედველობას. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სისტემურ დონეზე შეფასდა სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობა.

BMG