რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს – მიხეილ სააკაშვილი

რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” მიერ “რუსული კანონის” პარლამენტში ხელახალი დაინიცირების საკითხს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, “რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს”. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

“ოცნებამ” იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ გაანადგურეს ეკონომიკა, უსაშველოდ აწიეს ფასები, ასობით ათასი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო.

ახლა ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ.

არჩევნებამდე გაძლიერებული უნდა მივიდეთ. მოვიყვანოთ ახალი მთავრობა, რომელიც “ოცნებასთან” ერთად სიღარიბესა და უპერსპექტივობას მოგვაშორებს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 3 აპრილს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ხელახლა წარადგენს   ე.წ. აგენტების კანონს, რომელსაც გასულ წელს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან პროტესტი და მრავალათასიანი აქცია მოჰყვა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო. განსხვავება მხოლოდ ერთი იქნება– ნაცვლად ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტისა“ გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონში ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი იქნება.

გასულ წელს, სწორედ მამუკა მდინარაძემ გააკეთა განცხადება, რომ სამოქალაქო საზოაგდოების მრავალდღიანი პროტესტის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „უარი ეთქვათ“ კანონპროექტზე.