‘ქართულმა ოცნებამ’ ‘რუსული კანონი’ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა

‘ქართულმა ოცნებამ’ ‘რუსული კანონი’ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა

სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის ერთი წლის თავზე, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

დოკუმენტი და განმარტებითი ბარათი საპარლამენტის ვებგვერდზე უკვე ატვირთულია, ამ დროისთვის უცნობია, როდის დაიწყება მისი საკომიტეტო  განხილვები.

პროექტის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციად მიიჩნევა:

  1. ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.
  3. ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.
  4. ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

ცნობისთვის, დღეს, 3 აპრილს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ხელახლა წარადგენს ე.წ. აგენტების კანონს, რომელსაც გასულ წელს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან პროტესტი და მრავალათასიანი აქცია მოჰყვა.

მდინარაძის განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო. განსხვავება მხოლოდ ერთი იქნება– ნაცვლად ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტისა“ გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონში ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი იქნება.

გასულ წელს, სწორედ მამუკა მდინარაძემ გააკეთა განცხადება, რომ სამოქალაქო საზოაგდოების მრავალდღიანი პროტესტის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „უარი ეთქვათ“ კანონპროექტზე.

დღესვე, დამოუკიდებელმა მედიაორგანიზაციებმა, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობას დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული დაფინანსებით ინარჩუნებენ, პრესკონფერენცია გამართეს. რედაქტორების განცხადებით, რუსული კანონის მთავარი მიზანია დამოუკიდებელი და საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების განადგურება, ამიტომ”ქართულ ოცნებას” არ მისცემენ შესაძლებლობას კანონი მიიღოს.