თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები „სტუდფესტი 2024“-სთვის მზადებას იწყებენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით უკვე აიღო სტარტი შიდასაუნივერსიტეტო სპორტულმა ტურნირებმა, რაც თსუ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს წარმატებით გამოვიდნენ სტუდფესტზე.
თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ცნობით, სტუდფესტისთვის მოსამზადებელ ეტაპში ჩაერთვებიან როგორც ახალშექმნილი სტუდენტური ჯგუფები, ასევე უკვე არსებული შემოქმედებითი კოლექტივები.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება რობოტიკის, ინფორმაციული სისტემების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და სხვა ტექნოლოგიური მიმართულების საკითხებით დაინტერესებული სტუდენტების წარმოჩენასა და ფესტივალში მათ ჩართვაზე.
თსუ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელთა განცხადებით, აპრილის ბოლომდე – რეგისტრაციის დასრულებამდე, ფესტივალში მონაწილეთა შემადგენლობა გაირკვევა და თსუ სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან სტუდფესტში.
სტუდფესტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება, რომელშიც საქართველოს ყველა უნივერსიტეტიდან 25 000-მდე სტუდენტი ჩაერთვება.
ფესტივალი მოიცავს: უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებების გამართვას, ინტერმედიას – რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო თეატრებს შორის კონკურსის ჩატარებას, მოხალისეობრივ აქტივობებსა და STEM კონკურსს. აღნიშნული საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა“, – ნათქვამია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ავრცელებს.