ერაყი, ირანის მიერ ისრაელზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული ათობით თავდასხმის გამო, საჰაერო სივრცეს ხურავს, – ამის შესახებ The times of Israel-ი წერს.
ერაყის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლების განცხადებით, საჰაერო სივრცე დაკეტილი იქნება ადგილობრივი დროით 05:30 საათამდე.
„ერაყის საჰაერო სივრცე დაკეტილია და მიმოსვლა შეჩერებულია“, – განუცხადა ტრანსპორტის მინისტრმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო INA-ს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ირანმა ისრაელზე დრონებით თავდასხმა დაიწყო. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ისრაელის თავდაცვის უწყებამ.
ამასთანავე, ისრაელი საჰაერო სივრცეს ხურავს, თუმცა როდემდე, ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაცია ჯერჯერობით არ ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელი მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის.