ქარტია მოუწოდებს ქალაქ ნინოწმინდის მერიას, რადიო „ნორის“ ჟურნალისტები მერიის შენობაში წინასწარი ნებართვის გარეშეც შეუშვას

ქარტია მოუწოდებს ქალაქ ნინოწმინდის მერიას, რადიო „ნორის“ ჟურნალისტები მერიის შენობაში წინასწარი ნებართვის გარეშეც შეუშვას

18 აპრილს რადიო „ნორის“ ჟურნალისტი მარტინ აროიანი ქალაქ ნინოწმინდის მერიაში არ შეუშვეს.  ჟურნალისტს ჰქონდა კითხვები ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან იმ ინფორმაციის მოსაპოვებლად, რაც მას საკითხის ამომწურავად გაშუქებაში დაეხმარებოდა. როდესაც ჟურნალისტმა მიზეზი იკითხა, დაცვამ მას უთხრა, რომ ასეთი ბრძანება აქვს მიღებული.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიო „ნორის“ ჟურნალისტები ნინოწმინდის მერიის შენობაში არ  შეუშვეს. დღის ბოლომდე შენობაში ვერ შევიდნენ ჟურნალისტები 11 აპრილსაც. მათ სურდათ, შენობაში მიმდინარე სისხლის დონაციის პროცესი გაეშუქებინათ.  მოგვიანებით ჟურნალისტებს მერის მოადგილე შეხვდა და განუმარტა, რომ, როცა მათ მერიაში შესვლა სურთ, ამის თაობაზე ისინი წინასწარ  PR-ის სამსახურს უნდა შეუთანხმდნენ. 11 აპრილს ჟურნალისტებმა საბოლოოდ შეძლეს სისხლის დონაციის პროცესის გაშუქება.

ქარტია მოუწოდებს ნინოწმინდის მერიას, ჟურნალისტებს საჯარო შენობაზე წვდომა არ შეუზღუდოს, მით უფრო მაშინ, როდესაც ჟურნალისტი აშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან  საკითხებს, რაც მათ საცხოვრებელ გარემოს და ყოველდღიურობას ეხება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია