ოფშორიდან ბიზნესის გადმოტანის გამარტივებას მეორე მოსმენით დაუჭირეს მხარი

ოფშორიდან ბიზნესის გადმოტანის გამარტივებას მეორე მოსმენით დაუჭირეს მხარი
დღეს, 18 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა  მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, ოფშორული ზონიდან საქართველოში ბიზნესის გადმოტანა იოლდება. ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს. 

ცვლილებებს, რომელსაც დაჩქარებული წესით განიხილავენ, 75-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 9 კი წინააღმდეგი იყო.

ამ ცვლილების მიხედვით, ე.წ. ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული ბიზნესის საქართველოში გადმოტანა მარტივად ხდება შესაძლებელი. პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი, რომან გოცირიძე ფეისბუქში წერს, რომ ეს კანონი ბიძინა ივანიშვილს დასჭირდა:

“მოულოდნელად, “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება, დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით, შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები. კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდეს ოფშორული აქტივების 100 პროცენტს.

ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდვინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობებლად.

ელოდა სანქციებს! გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხე-სიმაგრედ გადაქცევას. ვერ დაეპატრონება ქვეყანას. არ იცნობს ქართველ ხალხს“ ,– წერს დეპუტატი რომან გოცირიძე.