შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, შესაბამისად გზის გადაკეტვის აუცილებლობა აღარ არსებობს. უწყების ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ დემონსტრანტები გზის გადაკეტვას მაინც შეეცდებიან, მათ წინააღმდეგ გატარდება შესაბამისი ზომები. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
“ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ.
გზის ხელოვნური გადაკეტვა იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, გარდა ამისა, ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელს უშლის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის თანახმად, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა”, – ნათქვამია განცხადებაში.
შსს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოუწოდებს დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს.
“თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ასევე, იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. სამართალდამცველების მიერ მათ მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება”.
“რუსული კანონს” მოქალაქეები 15 აპრილიდან აპროტესტებენ.