იურიდიულ კომიტეტზე რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს

იურიდიულ კომიტეტზე რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს

ფოტო–https://netgazeti.ge

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

სხდომა,  ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს გაფრთხილება მისცა.

სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო ლევან ხაბეიშვილსა და მამუკა მდინარაძეს შორის.

ანრი ოხანაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გააძევა.

გიორგი ვაშაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის „რუსული კანონი“ უწოდა. ანრი ოხანაშვილმა მას დარბაზი მისი ნებართვის გარეშე საუბრის გამო დაატოვებინა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები – ლევან ხაბეიშვილი და ლევან ბეჟაშვილიც გააძევა.

ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი ოპოზიციონერ დეპუტატებს მიკროფონის გარეშე საუბრის გამო დაატოვებინა.

ცნობისთვის, მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, 17 აპრილს პარლამენტმა ე.წ აგენტების კანონპროექტს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მომხრეებს შორის სამცხე–ჯავახეთიდან “ქართული ოცნების” სამი დეპუტატია: ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას.

25 აპრილს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესაძლო გადახედვას ითვალისწინებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ უნდა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე იქამდე, ვიდრე დღის წესრიგში იქნება „აგენტების კანონი“.

„ჰელსინკის კომისიის“ წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელობა „ქართული ოცნების“ „რუსულ კანონს“ კრიტიკული განცხადებით ეხმაურება. კომისია აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ კანონის ხელახალი ინიცირებით ქვეყანას რუსულ რელსებზე გადაიყვანს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ე.წ. „რუსულ კანონს“, მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს. თუმცა რადგან უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” აქვს, მისი დაძლევა შეუძლია.