„რუსული კანონი“ გამო საქართველომ შესაძლოა დაკარგოს ან შეუჩერდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მილიონობით ლარის დაფინანსება, ვიზალიბერალიზაცია და სხვა სიკეთეები, რასაც მოქალაქეები ათწლეულებია იღებენ. საფრთხე რომ რეალურია, ამაზე ევროკავშირის და ამერიკის ოფიციალური უწყებების თანამდებობის პირების განცხადებები მეტყველებს. ამის ფონზე, დღეს, 7 მაისს, „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონის“ დასაცავად კიდევ ერთი მესიჯბოქსი შექმნა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები, წუთების სიზუსტით, ერთდროულად აზიარებენ ახალ პოსტერს, სადაც წერია: „არა რუსულ კანონს! კი–ევროპას! კი–გამჭვირვალობას!“.
ჩვენთვის უცნობია, როგორ ეუბნება „ქართული ოცნება“ არას „რუსულ კანონს“ მაშინ, როცა თავად არის მისი ავტორი და პრინციპულად ამბობს უარს უკან გაწვევაზე.
„რუსული კანონის“ მხარდამჭერ პოსტებს აზიარებს სამცხე–ჯავახეთის მხარს რწმუნებული, მერები, საკრებულოს წევრები, დირექტორები და საჯარო სამსახურებში დასაქმებული სხვა პირები.
ერთ–ერთი ბოლო შემთხვევა, როდესაც აღნიშნული პირები პოსტერებს სინქრონულად აზიარებდნენ, „ფეისბუკმა“ ცრუ ინფორმაციად მონიშნა.
ცნობისთვის, 83 დეპუტატიდან, ვინც ხმა მისცა “რუსულ კანონს”, წლებია პარლამენტში ხმა არ ამოუღია (2020-2022 წლის მონაცემები), მათ შორის სამცხე–ჯავახეთიდან არიან სუმბატ კიურეღიანი და სამველ მანუკიანი.