„გაზზე მომუშავე ავტომობილებს ნაკლები გამონაბოლქვი აქვს“ – როგორია სტატისტიკა

„გაზზე მომუშავე ავტომობილებს ნაკლები გამონაბოლქვი აქვს“ – როგორია სტატისტიკა

საქართველოში აირზე და ბენზინ-აირზე მომუშავე ავტომობილების წილი მთლიან ავტოპარკში 10%-ზე ცოტა მეტია. საქსტატის ბოლო მონაცემებით, ამ ორი საწვავის ტიპით ქვეყანაში სულ 164 899 მანქანა მოძრაობს, საიდანაც 163 531 ბენზინ-აირზე მუშაობს, 1 368 ერთეული კი მხოლოდ აირზე. საერთო ჯამში (2023 წლის სრული მონაცემებით) ქართული ბაზარზე სულ 1.680 მლნ-ზე მეტი მანქანაა რეგისტრირებული.

მიუხედავად ამ სტატისტიკისა, უცნობია, თავდაპირველ მდგომარეობაში რამდენი იყო ბუნებრივ აირზე და რამდენი ერთეულის გადაყვანა მოხდა შემდეგ. თუმცა როგორც საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე აცხადებს, გაზზე გადაყვანილი მანქანები გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე დიზელზე მომუშავე ავტომობილები. მანვე აღნიშნა, რომ გაზზე მანქანების გადაყვანის ნაწილში პრობლემას ვერ ხედავს. მელაძის თქმით, პრობლემა ამ ნაწილში მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში ტექდათვალიერების დონე კვლავაც დაბალია და ნაკლებად ხორციელდება იმის შემოწმება, თუ რამდენად უსაფრთხოდ განხორციელდა მანქანის გაზზე გადაყვანა.

„პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ ტექდათვალიერების დაბალი დონე გვაქვს ქვეყანაში. მაგრამ მეორე მხრივ, გამონაბოლქვის კუთხით, გაზზე მომუშავე ავტომობილებს ნაკლები გამონაბოლქვი აქვს და ეკოლოგიურად უფრო სუფთაა, ვიდრე დიზელზე მომუშავე მანქანა. გაზის გამოყენებაში პრობლემას ვერ ვხედავ, მით უმეტეს, რიგ ქალაქებში ავტომობილები ქარხნულადვე თხევად გაზზეა და საერთოდ არ აქვს ბენზინის ავზი“, – განაცხადა მევლუდ მელაძემ.

ავტომფლობელების ნაწილი გაზზე გადაყვანას მისი დაბალი ფასის გამო მიმართავს. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს საქართველოში სხვადასხვა ტიპის საწვავი, ფასები რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურზე გადავამოწმეთ და საშუალო ღირებულება ასე გამოიყურება:

  • სუპერი – 3.72-ლარიდან 3.77-ლარამდე
  • ევრო პრემიუმი – 3.05-ლარიდან 3.34 ლარამდე
  • ევრო რეგულარი – 3.4-ლარიდან 3.17 ლარამდე
  • ევრო დიზელი – 3.33-ლარიდან 3.39-ლარამდე
  • გაზი – 1.55 ლარიდან 1.69-ლარამდე

BPN