განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აფრთხილებს გაფიცულ სასწავლებლებს

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აფრთხილებს გაფიცულ სასწავლებლებს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აფრთხილებს იმ უნივერსიტეტებს, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტებისა და ლექტორების გაფიცვის გამო.

ეს არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული ააიპ, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ასევე მონიტორინგს უწევს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შესრულებას. წერს ნეტგაზეთი. 

„ვეხმიანებით ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეჩერებისა და გადავადების შემთხვევებს, რისი მომსწრენიც ბოლო პერიოდში გავხდით.
„მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესის შეფერხებამ, მისმა შეჩერებამ ან გადაწევამ საფრთხე არ შეუქმნას საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს მოსწავლეების, პროფესიული სტუდენტების, სტუდენტების კანონიერი ინტერესების შელახვას.

არსებული სტანდარტების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებას ინსტიტუციაში მიმდინარე ძირითადი პროცესების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად შემუშავებული უნდა ჰქონდეს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რისკს, ასევე, მათი სრულად ან ნაწილობრივ თავიდან აცილების საშუალებებს.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადმინისტრაციის მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება, რათა არ მოხდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა,“ — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 15 მაისს გაავრცელა.

მედიისა და სამოქალაქო სექტორის შემზღუდავი რუსული კანონის გაპროტესტების მიზნით გაფიცვის შესახებ 30-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა და ლექტორებმა 13 მაისს განცხადება გაავრცელეს. ამ სიას 14 მაისს, კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ კიდევ არაერთი უნივერსიტეტი დაემატა.

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.

კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილი მომიტინგეები პოლიციამ არაერთხელ დაარბია და სასტიკად გაუსწორდა არაერთ ადამიანს, ზოგ მათგანს, მათ შორის დავით ქაცარავას, სახის ძვლების მოტეხილობის გამო ქირურგიული ჩარევაც კი დასჭირდა. არის ათეულობით დაკავებული.


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე ლაშა მარგიშვილი.

დირექტორის კიდევ ერთი მოადგილეა კახაბერ ერაძე.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტრუქტურის ნაწილია საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ცენტრის მართვისა და განვითარების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით  შექმნილი კოლეგიური ორგანო.

საკოორდინაციო საბჭოს ფუნქციებში შედის აკრედიტაცია-ავტორიზაციის წესების შემუშავება და ირგანიზაციის მართვასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტა. საბჭოს წევრები არიან:

  • ჰელი მატისენი – ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (HAKA) დირექტორი;
  • კაი ეტზოლდი – უმაღლესი განათლების სფეროს საერთაშორისო ექსპერტი;
  • თეა გულუა – გაეროს განვითარების პროგრამის შვეიცარული აგრარული კოლეჯი კავკასია, პროექტის ექსპერტი;
  • თამარ თოლორაია – სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსი;
  • შალვა მეკრავიშვილი – სსიპ – შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
  • რუსუდან რუხაძე – სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;
  • თამარ სამხარაძე – ააიპ – პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე;
  •  რუსუდან სანაძე – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • თათია უბერი – საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის წარმომადგენელი, შპს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი;
  • ზაზა ფურცელაძე – ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის დირექტორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის მისიის ხელმძღვანელი;
  • ირმა ქურდაძე – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • მაია შუხოშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების სამმართველოს უფროსი;
  • ნათია ჯოჯუა – შპს ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს არაერთი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს, რომელთა სრული სიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.