ზურაბიშვილი: ვეტოს დადებით არ შევალ „ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასდროს!“

ზურაბიშვილი: ვეტოს დადებით არ შევალ „ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასდროს!“

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“ ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.

სალომე ზურაბიშვილი დღეს, 15 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვდა თბილისში სამუშაო ვიზიტით ჩამოსულ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს ბაიბა ბრაჟეს, მარგუს ცაჰკნას, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირს და გაბრიელიუს ლანდსბერგისს.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ისაუბრეს იმ „მძიმე წერტილზე“, რომელიც 14 მაისს, 84 დეპუტატის გადაწყვეტილებით დაესვა ხელისუფლების განაცხადს, რომ ქვეყანა ევროპულ გზაზე მიდის:

ეს არის წერტილი, რომელიც აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც თავისი მეგობრების რჩევები, არც არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა“.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებით, ეს არის გზა, მცდელობა, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ევროკავშირისკენ შუა გზაზე მყარად მდგომი და მოლაპარაკებების დაწყების მოლოდინში მყოფი საქართველო ამ გზიდან გადაიყვანონ და წარსულში დააბრუნონ.

პრეზიდენტის განცხადებით, ამ მცდელობას საქართველოს საზოგადოებამ უპასუხა თითქმის ერთთვიანი, ყოველდღიური პროტესტით, რაც ამტკიცებს, რომ სხვადასხვა მონაცემი, რომ ევროკავშირის წევრობას მოსახლეობის 80-85% ემხრობა, მხოლოდ სიტყვები არ არის და რეალობაა.

ზურაბიშვილის შეფასებით, ეს იმის მტკიცებულებაცაა, რომ საზოგადოება ნამდვილად დგას ევროპულ ღირებულებებზე – დემოკრატიასა და თავისუფლებაზე, რისთვისაც ყოველთვის იბრძოდა, ანუ დამოუკიდებლობისთვის:

„ეს საზოგადოება ამ ღირებულებებით და ამ შემართებით არასოდეს არ დაუბრუნდება რუსულ წნეხს“.

პრეზიდენტის ინფორმაციით, ევროპელ მინისტრებთან ისაუბრა შემდგომ ნაბიჯებზე და მათ გარკვევით აუხსნა, რომ „არავითარ შემთხვევაში“ ვეტოს დადებით არ შევა „ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასდროს!“

ზურაბიშვილის განცხადებით, არ უღალატებს ქვეყანაში დღეს არსებულ სულისკვეთებას, რომელსაც სჭირდება გზის გახსნა:

„მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა. ეს გზავნილი იქნება მიტანილი ჩვენი მეგობრებისგან ყველგან, სადაც საჭირო არის, რომ არავინ არ იფიქროს, რომ შეიძლება გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაცა სახე გადაურჩინო. დღეს ეს საკითხი არ დგას. დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი “.

პრეზიდენტის თქმით, მეგობრებს გააცნო სამომავლო გეგმები, როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც რამდენიმე კვირაა მუშაობს და მოსახლეობას წარდგენს. ზურაბიშვილის განცხადებით, ეს არის ერთბლიობა გადაწყვეტილებების, რომლებიც საქართველოს მობილიზებულად მიიყვანს არჩევნებამდე და არჩევნებით დააბრუნებს თავის გზაზე.

წყარო: რადიო თავისუფლება