თუკი „ქართული ოცნება“ „რუსულ კანონს“ მიიღებს, გერმანია საქართველოსთან ევროკავშირის მოლაპარაკებების დაწყებას მხარს ვერ დაუჭერს. მოლაპარაკების პროცესის გახსნისთვის კი ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
საქართველოში გერმანიის სრულუფლებიანი ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებით, სამწუხაროა ანტიდასავლური ნაბიჯები, რასაც „ქართული ოცნება“ დგამს.
„ეს დინამიური პროცესია. შემიძლია, საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე ვისაუბრო. დარწმუნებული ვარ, თქვენ ნახეთ გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ამ კანონის მესამე მოსმენით მიღებით საქართველომ ევროპული გზიდან უკვე გადაუხვია.
არის სტანდარტი, რომელიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი ამ სტანდარტზე დაბლაა. ასე რომ, დეკემბერში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე რომ ვისაუბროთ, ეს კანონი ამჟამინდელი ფორმით თუ იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს [საქართველოსთვის] გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას და ეს საქართველოს მის ევროინტეგრაციის გზაზე უკან დაწევს. სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ არა და ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ“,–განაცხადა მან მედიის წარმომადგენლებთან.
პიტერ ფიშერი განმარტავს, რომ საქართველომ ნათლად უნდა აჩვენოს ევროკავშირის მიმართ მისი მისწრაფებები, რადგან „რუსული კანონი“ საპირისპიროზე მეტყველებს.
„გერმანიას წარმოვადგენ. ერთი სახელმწიფო ვართ ევროკავშირში. ისე გამოვიდა, რომ ყველაზე დიდი მოსახლეობა გვაქვს და ასე შემდეგ. ევროკავშირმა რომ საქართველოსთვის შემდეგი ნაბიჯი გადაწყვიტოს – ანუ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა – ერთსულოვნება უნდა იყოს, ყველა სახელმწიფომ თანხმობა უნდა განაცხადოს. გერმანიის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ თანხმობას არ ვიტყვით თუ ეს კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული“,–ამბობს ის.