ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა საქართველოსთვის რუსული კანონის მიღების გამო სანქციების დაწესებას, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მოითხოვს.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ბრიუსელისგან არაერთი გაფრთხილებისა და თვეზე ხანგრძლივი ქუჩის პროტესტის მიუხედავად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის პარლამენტმა წინააღმდეგობრივი კანონი მიიღო, რომელიც მსგავსია რუსეთში მოქმედი მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების შემზღუდავი კანონისა და ავალდებულებს მათ ვინც შემოსავალს უცხოური ფონდებიდან იღებს, სამთავრობო რეესტრში რეგისტრაცია გაიარონ.
გამოცემა წერს, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ქვეყნებს შორის, რომლებიც საქართველოსთვის შემზღუდავი ზომების დაწესების განხილვას ითხოვენ სწორედ ამ შეხვედრაზე: ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი არიან.
სანქციებს შორის კი Financial Times-ის ინფორმაციით, განიხილება უვიზო რეჟიმის შეჩერება და ევროკავშირის სახსრების გაყინვა. ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნები ამისგან ცალკე განიხილავენ საქართველოს მთავრობისთვის „სხვაგვარი ზომების გატარებას“.
Financial Times აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აფრთხილებდნენ საქართველოს, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამოქმედება მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება გაწევრიანების პროცესში და შიდა პრობლემებთან ერთად ქვეყანა უფრო ღრმად ეფლობა რუსეთის ორბიტაზე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სანქციების დაწესებას განიხილავენ ვაშინგტონშიც, თუმცა სავარაუდოდ, ევროკავშირის ქმედებები უფრო ნელი იქნება ვიდრე ამერიკის, რამდენადაც ზოგიერთი ქვეყანა შიშობს, რომ სავიზო რეჟიმის შეჩერება შესაძლოა კონტრპროდუქტიული იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ის არამხოლოდ მთავრობას, არამედ მოქალაქეებსაც შეეხება, რომელთა ნაწილი ევროპული კურსის მხარდასაჭერად აქციებსაც მართავს.
„ფრთხილად უნდა იყო, რომ არასწორი ადამიანები არ ამოიღო მიზანში“ — უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა დიპლომატმა ევროკავშირიდან.