ვეტოს დაძლევის საკითხს იურიდიული კომიტეტი 27 მაისს განიხილავს

ვეტოს დაძლევის საკითხს იურიდიული კომიტეტი 27 მაისს განიხილავს

ხვალ, 27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ვეტოს დაძლევის საკითხს განიხილავენ. სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 09:00 საათზეა ჩანიშნული.

მოქალაქეთა დიდი ნაწილის პროტესტის მიუხედავად,  პარლამენტმა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი 14 მაისს დაამტკიცა. 18 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტმა  ვეტო დაადო. 

ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

დღეს, 26 მაისს სალომე ზურაბიშვილი ინიციატვით გამოვიდა, იგი პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს სამოქმედო გეგმას, რის მიხედვითაც, ქვეყნის დემოკრატიის და ევროპული ინტეგრაციისთვის, დროებით პარლამენტს აირჩევენ და მთავრობის ახალ მოდელს ჩამოაყალიბებენ.

ონლაინმედიას პარლამენტში არც ამჯერად დაუშვებენ.

2024 წლის 16 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ონლაინგამოცემების ჟურნალისტების საქართველოს პარლამენტში არ დაშვების საფუძვლად, მათი მხრიდან შესაძლო სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების, პროტესტის გამოხატვა დაასახელა.

„პუბლიკას“, „მედიაჩეკერის“, „საქართველოს ამბები/მთის ამბების“, სტუდია „მონიტორის“ და „ნეტგაზეთის“ რედაქტორებმა, 16 აპრილს, საჩივრით მიმართეს სახალხო დამცველს და მოითხოვეს დისკრიმინაციის დადგენა და მისი აღმოფხვრა. სახალხო დამცველს საჩივარზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

ონლაინგამოცემების რედაქტორები მიიჩნევენ, რომ მათი დისკრიმინაცია განსხვავებული აზრის გამო ხდება.