ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში წყლის მდიდარი რესურსების არსებობის მიუხედავად, მოსახლეობა სარწყავი და სასმელი წყლების სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდის.
სამცხე-ჯავახეთში უხვია ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის რესურსები, აქ ფორმირდება 1.655 კმ3 წყალი, რომლებიც მუნიციპალიტეტების მიხედვით არათანაბრად არის გადანაწილებული. წყლის რესურსები ძირითადად გამოიყენება მორწყვისათვის, სასმელ წყალმომარაგებასა და ჰიდროენერგეტიკაში.
ნინოწმინდისა და ახალქალაქის სოფელთა უმეტესობა განიცდის წყლის რესურსების დეფიციტს, რაც განპირობებულია არა წყლის რაოდენობის დეფიციტით, არამედ ჰიდროტენიკური ნაგებობების გაუმართაობითა და ავარიულობით.
საილუსტრაციო ფოტო: სარწყავი სისტემა სოფელ სათხას გზაზე
ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობა სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ამასთან ერთად სოფლების უმეტესობას სარწყავი სისტემის პრობლემა აქვს. მოსახლეობა იძულებულია საკუთარი ძალებით შექმნას სარწყავი სისტემები ტუმბოებისა და მილების მიერთებით წყლის წყაროებთან, როგორიცაა, მაგალითად, სარწყავი არხები ან ახლომდებარე მდინარეები. ეს სიტუაცია სერიოზულ გამოწვევებს უქმნის სოფლის მეურნეობას და იწვევს დამატებით ხარჯებს.
მამწვარას მკვიდრები მიწას ამუშავებენ
ვარდან სარგსიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი პატარა გონდროის მკვიდრია. მისი თქმით, მინდვრებში სარწყავი სისტემა არ არსებობს: “მინდვრები ისეთივე მშრალია, როგორიცაა ასფალტი. არც საძოვარი გვაქვს, არც მინდვრები და არც სარწყავი სისტემა. ერთი აუზია აშენებული, ეგეც პირუტყვისთვისაა განკუთვნილი. აუზში წყალი მხოლოდ მაშინ გვაქვს, როდესაც დადეშიდან [ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი] ჩამოედინება ხოლმე.”
საიმედო სარწყავი სისტემის არარსებობა იწვევს წყლის არათანაბარ განაწილებას, რაც უარყოფითად მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მოსავლიანობასა და შემოსავალზე. იმ სიტუაციაში, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობისა და ხელისუფლების ფინანსური რესურსები შეზღუდულია, ასეთი სისტემების შენარჩუნებისა და განახლების ღირებულება შეიძლება გაუსაძლისი ტვირთი გახდეს საყოფაცხოვრებო ბიუჯეტისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის. ამან შეიძლება გამოიწვიოს წარმოებისა და შემოსავლის შემცირება, ასევე საზოგადოებაში სოციალური დაძაბულობის ზრდა.
“სეზონზე ძალიან ბევრი ფული იხარჯება კარტოფილის მოყვანაში, – დათესვაში, მორწყვაში. ხარჯები შემოსავლებს სცდება, რადგან კარტოფილი სულ რაღაც 30 თეთრადაც კი ვერ იყიდება შემოდგომაზე, – იძულებულნი ვართ გადავყაროთ” – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, სოფელი ვაჩიანის მკვიდრი, – ჰაიკუში.
საილუსტრაციო ფოტო: გადაყრილი კარტოფილი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფელი დიდი გონდრიო
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 22 სოფელზე მეტს მოწყობილი სარწყავი სისტემა არ გააჩნია, ხოლო დანარჩენს აქვთ სარწყავი არხები, საიდანაც ახერხებენ დამატებითი ხარჯების გაწევით მინდვრების მორწყვას ტუმბოების გამოყენებით.
2022 წლის მონაცემებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 7 სარწყავი სისმეტა მოქმედებს, თუმცა წყლის მოწოდების საკითხი მაინც მწვავედ დგას.
ზემოხსენებული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებისა და სხვა პასუხისმგებელი მხარეების ძალისხმევის კოორდინაცია. მოსახლეობის მხრიდან გაისმა მოთხოვნა სარწყავი სისტემის გაუმჯობესებაზე, ასევე სარწყავი არხებიდან მორწყვის ფასების შემცირებაზე. ამასთან ერთად, საჭიროა ეფექტური სარწყავი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.