2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობის მიღება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მყოფ მოქალაქეებს შეეძლებათ. საქართველოდან სულ მცირე ნახევარი მილიონი ადამიანია წასული ემიგრაციაში. სხვადასხვა მონაცემებით, ემიგრანტთა რიცხვი თითქმის ერთ მილიონსაც აღწევს. სტატიაში გიყვებით, როგორ შეძლებენ ემიგრანტები მომავალ არჩევნებში მონაწილეობას. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
სიდუხჭირე, გაზრდილი სამომხმარებლო ფასები, დაბალი პენსია და ხელფასები, სამუშაო ადგილების სიმცირე, პროფესიულად რეალიზების პერსპექტივის არ ქონა, უხარისხო და ძვირი ჯანდაცვა,, შევიწროება და დევნა სხვადასხვა შეხედულების გამო, უსამართლო გარემო– ეს იმ მიზეზთა მცირე ჩამონათვალია, რის გამოც საქართველოდან მოქალაქეები ქვეყნიდან მიდიან. ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის უპერსპექტივობის გამო, ემიგრანტთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
„სამხრეთის კარიბჭესთან“ ISFED–ის იურისტი, გიორგი მონიავა განმარტავს, რომ ემიგრანტების რაოდენობა რეალურად გაცილებით მეტია. ამასთანავე, ხშირად, ემიგრანტები არ არიან საკონსულო აღრიცხვაზე აყვანილი.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საზოგადოება აქტიურად საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ემიგრანტების ხელშეწყობა, რომ უცხო ქვეყანაში მათთვის ხელმისაწვდომ ადგილზე შეძლონ საარჩევნო უბანზე მისვლა და საკუთარი ხმის დაფიქსირება. დიდ ქვეყნებში, სადაც უმეტესად მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი იხსნება, ემიგრანტების უმრავლესობას უჭირს მისვლა, რადგან ხანდახან უბანი მათი საცხოვრებელი მისამართიდან ასობით კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, სადამდე მისვლაც გასავლელ მანძილთან ერთად დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.
„სამხრეთის კარიბჭე“ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით პოლონეთში მცხოვრებ ემიგრანტს, თომა მაღლაკელიძეს ესაუბრა. მან ქვეყანა 2019 წელს დატოვა. პოლონეთი ერთ–ერთია იმ ევროპული ქვეყნებიდან, სადაც საქართველოდან ყველაზე ხშირად მიდიან ემიგრაციაში.
„მეექვსე წელია რაც ემიგრაციაში ვარ. პოლონეთში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს. ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ახლა გადამწყვეტი არჩევნებია. ისეთ რეალობაში ვართ გაჭედილი, ქვეყანა ძალიან რომ ითხოვს შველას და ცვლილებებს. მინდა, რომ წელს მაქსიმალური აქტივობა დაფიქსირდეს არჩევნებზე. მე პირადად არ მინდა, რომ საქართველოში როცა დავბრუნდები რუსეთის პასპორტი დამჭირდეს“,–ამბობს ის.
თომა ფიქრობს, რომ ნებისმიერ არჩევნებში ემიგრანტების ხმას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხშირად, ხელისუფლება არ აკეთებს საკმარისს ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის ხელშესაწყობად, რადგან ადამიანები სწორედ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო გახდნენ იძულებული ქვეყანა დაეტოვებინათ.
„მგონია, რომ ზოგადად არც ერთ მთავრობას არ აწყობს ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობა, რადგან მათი უმრავლესობა ოპოზიციური ამომრჩეველია. ამიტომ არ აწყობთ ბევრი უბნის გახსნა. ამიტომაც არის ხოლმე ემიგრანტების დაბალი აქტივობა არჩევნებზე. 2019 წელს წავედი ემიგრაციაში. მაშინ ნაკლები ინფორმაცია მქონდა მეც და სხვებსაც სად იყო საარჩევნო უბანი, როგორ უნდა გაგვევლო საარჩევნო რეგისტრაცია და ა.შ. საელჩოს დიდად არ გაუკეთებია არაფერი ემიგრანტების ინფორმირებისთვის. მეც როცა მოვიკვლიე, რაღაც პროცედურები უკვე დაგვიანებული იყო. დღემდე პრობლემაა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ არის საკონსულო აღრიცხვაზე აყვანილი. ბევრმა არც იცის, როგორ ხდება ეს პროცედურა და რა საბუთებია ამისთვის საჭირო. პირადად მე ახლა უკვე ვარ საკონსულო აღრიცხვაზე აყვანილი და აუცილებლად წავალ არჩევნებზე“,–გვიყვება ის.
როგორც თომა ამბობს, ემიგრანტების ნაწილმა ხელმოწერების აგროვება დაიწყო, რათა მოსთხოვონ ხელისუფლებას გახსნან დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ.
„რთული საკითხია ემიგრანტები და არ ექცევათ მათ საკმარისი ყურადღება, არადა, ზოგადად, ქვეყანა ემიგრანტებზე დგას. წელს რამდენიმე ახალგაზრდა დამიკავშირდა და მთხოვა ხელმოწერების აგროვებაში თუ დავეხმარებოდი, რომ იქნებ უბანი დაემატებინათ. სულ მცირე 50 ხელმოწერა იყო საჭირო და შევაგროვეთ. რამდენად გაიხსნება უბანი არ ვიცით, მაგრამ ჩვენ ვცადეთ. ვროცლავთან გვინდა რომ გაიხსნას. ეს არის ერთ–ერთი საკვანძო, ცენტრალური ქალაქი, რომლის გარშემოც ათასობით ქართველი ცხოვრობს, თან არ არის ტრანსპორტირების პრობლემა“,–აცხადებს იგი.
საქართველოს კანონმდებლობით, საარჩევნო უბანი იხსნება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებებში იმ შემთხვევაში, თუ საკონსულო აღრიცხვაზე დგას მინიმუმ 50 და მაქსიმუმ 3000 ამომრჩეველი. თუ 3000–ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული, მეორე უბანი იხსნება.
ISFED–ის იურისტის, გიორგი მონიავას განმარტებით, ხელმოწერების შეგროვებით, მოქალაქეები გამოხატავენ სურვილს, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, რაზეც სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს ნება და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს.
„ის რომ არსებული კანონმდებლობით მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში იხსნება უბანი, ეს არ არის შემზღუდველი, ანუ თუ უბნის დამატება საჭიროა და ამის პოლიტიკური ნება იქნება, მაგალითად შეუძლიათ, რომ იქირაონ შენობა იმ ქალაქში, სადაც საკონსულო და დიპლომატიური წარმომადგენლობა არ არის, მაგრამ ბევრი მოქალაქე ცხოვრობს. გახსნან კიდევ ერთი უბანი, რომ მოქალაქეებს არ მოუწიოთ ასობით და ათასობით კილომეტრის გავლა საარჩევნო უბნამდე. ამის საშუალებას კანონში დღევანდელი ჩანაწერიც იძლევა, მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო რომ ეს ასე მოხდეს“,–აცხადებს ის.
გიორგი მონიავა იხსენებს პრეცედენტს, როდესაც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, იტალიაში დამატებითი უბანი გაიხსნა.
„იტალიაში, ბარიში იყო ასეთი პრეცედენტი, როცა ათეულობით მოქალაქემ რამდენჯერმე მიმართა თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს და არსებულ საკონსულოს, რომ ბარიში გახსნილიყო საკონსულო, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცემოდათ. მაშინ, საქართველოს შესაბამისმა უწყებამ იქირავა ბარიში შენობა, დანიშნა კონსული და გახსნა საარჩევნო უბანი. რეალურად, ამაზეა საუბარი და ხელმოწერებიც გროვდება ამისთვის“,–იხსენებს იგი.
ISFED–ის იურისტის თქმით, არჩევნებში ემიგრანტების აქტივობა მუდმივად დაბალია, რაც სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზით აიხსნება.
„2020 წლის არჩევნებზე დარეგისტრირდა 64 000 ამომრჩეველი, მაგრამ საარჩევნო უბანზე მივიდა და ხმა მისცა 12 400 ამომრჩეველმა. ამას თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს, მაგალითად ის, რომ შორს არის უბანი, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული მგზავრობა და ა.შ. მიზეზებს შორის ერთ–ერთი არის არალეგალურად მყოფი პირების არასწორი აღქმები და შიშები, რომ საელჩოში გამოჩენა მათ რაღაც პრობლემას შეუქმნის, რომელიც არასწორია. სახელმწიფო არ აკეთებს არაფერს, რომ ადამიანებს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ამის თაობაზე. კომპლექსური პრობლემებია…“,–განმარტავს ის.
„სამხრეთის კარიბჭესთან“ ცესკოს პრესსპიკერი, ნათია იოსელიანი განმარტავს, რომ 2024 წლის არჩევნებში ამომრჩევლების 90% ელექტრონული წესით მიიღებს მონაწილეობას. საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცესი არა ელექტრონული, არამედ ტრადიციული მეთოდით, ბიულეტენების გამოყენებით მოხდება.
„საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცედურა იგივე დარჩა, როგორც აქამდე იყო. საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი იმყოფებიან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან თუ აქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუ მოხდა ისე, რომ მოქალაქეს არ აქვს გავლილი არც საკონსულო აღრიცხვა და არც რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას შემდეგ, რაც გაიხსნება საარჩევნო უბნები და ეს ბოლო ვადა არის 26 სექტემბერი, აქვთ შესაძლებლობა, რომ მივიდნენ საარჩევნო უბანზე და საარჩევნო მიზნებისთვის გაიარონ რეგისტრაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი მოხვდებიან ამომრჩეველთა სიაში და მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას“,–აცხადებს ის.
ნათია იოსელიანის თქმით, საარჩევნო რეგისტრაცია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე19–ე დღისა უნდა განხორციელდეს.
„26 სექტემბერს რომ გაიხსნება საარჩევნო უბანი, 7 ოქტომბრის ჩათვლით, ნებისმიერ დღეს შეუძლიათ გამოცხადდნენ უბანზე და საარჩევნო კომისიის წევრს უთხრან, რომ არ აქვთ საკონსულო აღრიცხვა და რეგისტრაცია გავლილი და სურთ საარჩევნო მიზნისთვის ამომრჩეველთა სიაში შეყვანა. მოქალაქეები შესაბამის რეგისტრაციას შეძლებენ როგორც საქართველოს მოქალაქის პასპორტით, ისე პირადობის მოწმობით (ID ბარათით)“,–განმარტავს ის და ამატებს, რომ ცესკო პერიოდულად ახორციელებს საინფორმაციო ხასიათის კამპანიებს, რათა მოქალაქეებმა შეძლონ არჩევნებთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის დროული მიღება.
ცესკოს ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საარჩევნო უფლებების და არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +995 32 2 51 00 51
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ–გვერდებზე:
https://www.geoconsul.gov.ge/ –საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://psh.gov.ge/main/page/6/358 – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო