არასახელმწიფო საპენსიო სქემებში შენატანები შემცირდა

არასახელმწიფო საპენსიო სქემებში შენატანები შემცირდა

2023 წელს არასახელმწიფო საპენსიო სქემაში განხორციელებულმა საპენსიო შენატანებმა ჯამურად 5.137 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მონაცემებზე(6.059 მილიონი) 15.2 პროცენტით ნაკლებია – ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებშია საუბარი.

ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის 31 დეკემბრისთვის მოქმედი საპენსიო ხელშეკრულებების რაოდენობა 12 163 იყო, მოქმედი საპენსიო ხელშეკრულებების მიხედვით მონაწილეთა რაოდენობამ კი 15 672 შეადგინა. 2022 წელს ხელშეკრულებების რაოდენობა 12 671 იყო, ხოლო წლის განმავლობაში 15 723 მონაწილე აღირიცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მაჩვენებელი მცირედ შემცირებულია.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემების მიხედვით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გაცემული პენსიის ოდენობა. თუ 2022 წელს აღნიშნული სიდიდე 197 260 ლარი იყო, 2023 წელს გაცემული პენსიის ოდენობამ 439 804 ლარი შეადგინა.

ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საპენსიო რეზერვებიც. 2022 წლის 31 დეკემბრისთვის აღნიშნული 33.723 მილიონს შეადგენდა, 2023 წლისთვის კი 42.021 მილიონი შეადგინა.

შესამჩნევი ზრდა ფიქსირდება საპენსიო სისტემის საინვესტიციო შემოსავლის შემთხვევაშიც. 2022 წელს მისი სიდიდე 2.831 მილიონი იყო, ხოლო 2023 წელს 39.8 პროცენტით გაიზარდა და 3.958 მილიონი შეადგინა.

BPN