როგორ იმოქმედა რუსული რუბლის გაუფასურებამ შრომით მიგრაციაზე?

როგორ იმოქმედა რუსული რუბლის გაუფასურებამ შრომით მიგრაციაზე?

ისეთ რეგიონები, როგორიცაა სამცხე-ჯავახეთი, სადაც შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა და სადაც, ოჯახის შესანახად, თანხის გამოსამუშავებლად, მოსახლეობის დიდ ნაწილს სეზონურ სამუშაოებზე რუსეთში უწევდა მიგრაცია, ბოლო პერიოდში დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. 

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსული რუბლის გაუფასურებამ მნიშვნელოვნად შეამცირა სეზონური მიგრანტების შემოსავალი.

შოღიკ მნოიანი  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვში ცხოვრობს. ის დიასახლისია. წლების განმავლობაში მისი ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყარო, რუსეთში სეზონურ მიგრაციაში წასული ვაჟის მიერ გამომუშავებული ჰონორარი იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსული რუბლი გაუფასურდა, მისი ვაჟი რუსეთში სამუშაოდ აღარ წასულა.“ადრე რუსული რუბლი [1000 რუბლი] 50 ლარამდე იყო, ახლა კი  28 ლარია. ერთი კილო ჩეჩილიც კი [ყველის სახეობა] რუსულ რუბლზე ძვირი ღირს დღეს.” – ამბობს შოხიკი რადიო ნორთან საუბრისას. მნოიანის ვაჟი არც მომავალში გეგმავს რუსეთში წასვლას და ცდილობს ჯავახეთშივე დასაქმდეს. 

თუმცა ნინოწმინდელისთვის მშობლიურ ქალაქში დასაქმება ადვილი არ არის. რეგიონში სოფლის მეურნეობა წამყვანი დარგია. მაგრამ, ნაკლებადშემოსავლიანი. ამიტომ, შრომითი მიგრაციის შემცირება დამატებით სირთულეებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. 

ნინოწმინდელების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობებია. დიდი ქალაქებისგან განსხვავებით, აქ მუნიციპალიტეტში ვაკანსიები შეზღუდულია. 

იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობს ნინოწმინდის მოსახლეობა შრომით ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე, რადიო NOR-მა გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა მკვეთრი ზეგავლენა მოახდინა შრომით ბაზარზე. კერძოდ, რუსეთში შრომით მიგრაციაზე. მიგრაციამ იკლო. ამის მთავარ მიზეზად ნინოწმინდელები რუსული რუბლის კურსის დაცემას ასახელებენ. მათი თქმით, თუ ადრე ნინოწმინდიდან რუსეთში გადასული ადამიანი თვეში საშუალოდ 100 000 რუბლს გამოიმუშავებდა და ეს თანხა საკმარისი იყო სამშობლოში დარჩენილი ოჯახის შესანახად, დღეს 100 000 რუბლის შესყიდვისუნარიანობა ბევრად დაბალია და ეს თანხაც აღარ არის საკმარისი  ოჯახის საბაზისო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. 

Radio NOR · როგორ იმოქმედა რუსული რუბლის გაუფასურებამ შრომით მიგრაციაზე?

ემილ სტეფანიანი ნინოწმინდის მუნიციპალუტეტის სოფელ სათხას მკვიდრია. ისიც, ბევრი მისი თანასოფლელის მსგავსად, წლების განმავლობაში რუსეთში გადადიოდა და სეზონურად საქმდებოდა. თუმცა, ბოლო ორი წელია ქვეყანა აღარ დაუტოვებია “რუსეთ-უკრაინის ომი უარყოფითად აისახა არა მხოლოდ რუბლის კურსზე, არამედ სხვადასხვა ინდუსტრიებზეც,” ამბობს ემილი. და იმასაც დასძენს, რომ რუბლის გაუფასურებასთან ერთად, რუსეთში მკვეთრად იკლო სამუშაო ადგილებმაც. ამიტომ, ის მიგრაციაში აზრს ვეღარ ხედავს. 

ემილის გაუმართლა და ადგილზევე მოახერხა დასაქმება. იგი ნინოწმინდაში მშენებლობაზე მუშაობს. თუმცა, ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოებისა და პროექტის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ ისევ უმუშევარი დარჩება. რადგან ადგილზე დასაქმება ძალიან რთულია.  “მართალია, [ეს] სამუშაო არასტაბილურია, მაგრამ ალტერნატივა არ არსებობს, მე უნდა ვიმუშაო, რომ ჩემს ოჯახს დავეხმარო”, – გვითხრა სტეფანიანმა.

ნინოწმინდის მოსახლეობისათვის ადგილზე დასაქმებაში კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი სახელწიფო ენის არცოდნა და ენობრივი ბარიერია. “თუ სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობთ, ენის ცოდნა მნიშვნელოვანია და ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ, რაც ართულებს სამუშაოს პოვნას. თუ არასამთავრობო დაწესებულებაში მუშაობ, ან თვითდასაქმებული ხარ, ენის არცოდნა დიდი დაბრკოლება არ არის. მაგრამ სხვა შემთხვევაში რთულია”, – ამბობს ემილი.

შრომით ბაზარზე არსებული რყევების გამო, ნინოწმინდის მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს გამოწვევის წინაშეა. იმ ნაწილმა, ვინც რუსეთში გეგმავდა მიგრაციას, გადაწყვეტილება შეიცვალა და სამშობლოში დარჩა. ისინი კი, ვინც ჯერ კიდევ რუსეთში არიან დასაქმებული, საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრობენ. ნინოწმინდაში დარჩენილები, ან რუსეთიდან დაბრუნებულები ორ ალტერნატივას განიხილავენ: სამუშაო ან რეგიონშივე უნდა მოძებნონ ან ევროპაში მიგრაციაზე იფიქრონ. თუმცა, ორივე ალტერნატივა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული.