გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირველი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, საქართველოში უკანონო ტყითსარგებლობის 151 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის სამცხე–ჯავახეთში 17. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი დარღვევებიდან 111 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხებოდა, 40 კი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებს. სამართალდარღვევებიდან 10 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 37-37 ფაქტი გამოვლენილია კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში; სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 17 სამართალდარღვევა, აჭარაში – 15, შიდა ქართლში – 11, იმერეთშიც – 11, გურიაში – 8, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 7, ქვემო ქართლში – 6 და მცხეთა-მთიანეთში – 2.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 138 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.