მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

რადგან ნინოწმინდის მუნიცნალიპალიტეტის მერიაში რადიო NOR-ის ჟურნალისტების წვდომა შეზღუდულია, ეს მასალა არის ერთმხრივი და მერიის შესაბამისი განყოფილების პასუხი უცნობია. 

2024 წელს პირველ ეტაპზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 4 697 200 ლარია გათვალისწინებული.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ სამუშაოს, რომლებიც ხორციელდება ან/და უნდა განხორციელდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

ამ ეტაპისთვის, შემდგარი ტენდერების მიხედვით, მუნიციპალიტეტში ტარდება შემდეგი სამუშაოები.


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. დილიფში და სოფ. ჯიგრაშენში საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები (NAT240007384).

სამუშაოებს ინდივიდუალური მეწარმე სერგო ქსპოიანი ახორციელებს. სერგოს თქმით, სამუშაოები ორივე სოფელში მიმდინარეობს. სოფ. დილიფის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას დაახლოებით 1 თვეში დაასრულებენ, ხოლო სოფ. ჯიგრაშენის საბავშვო ბაღის სამუშაოებს, – ერთი კვირის ვადაში. სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან 148 100 ლარია გამოყოფილი, 94 000 ლარი სოფ. დილიფის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციოდ, ხოლო 53 700 ლარი – სოფ. ჯიგრაშენის.

სოფ. ჯიგრაშენის საბავშვო ბაღი


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდი გონდრიოს და სოფ. ყაურმის რიტუალების სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები (NAT240006341).

სამუშაოებს ინდივიდუალური მეწარმე ზოია ამაზარიანი ახორციელებს. წარმომადგენლის თქმით, სამუშაოები ორივე სოფელში მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების დაახლოებითი ვადა თვენახევარი გახლავთ. სამუშაოებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 137 000 ლარია გამოყოფილი. სოფ. დიდი გონდრიოს რიტუალის სახლისთვის – 57 000 ლარი, ხოლო სოფ. ყაურმის რიტუალის სახლისთვის – 80 000 ლარი.

სოფ. ყაურმის რიტუალების სახლი, მიმდინარე სამუშაოები. ფოტო არქივიდან


გარე სივრცეში ორგანიზებული ტრადიციული ღონისძიებების ჩასატარებლად საჭირო მზა სცენის კონსტრუქციების შეძენა-მონტაჟი (NAT240007748).

მზა სცენის მომწოდებელი კომპანია გახლავთ შპს “ჯეოკომფორტი”. კომპანიის დირექტორ, ლერი ოყუჯავას თქმით, საჭირო მასალები ჯერ-ჯერობით ნინოწმინდის მერიისთვის მოწოდებული არ არის, თუმცა ვადებში მოიწოდება. შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადა არის 160 დღე ხელშეკრულების გაფორმებიდან. ხელშეკრულება გამორმებულია 20.05.2024. კითხვაზე, თუ სად უნდა დამონტაჟდეს სცენა, კომპანიის დირექტორმა ნინოწმინდის მერიაში გადაგვამისამართა, სადაც, მოგეხსენებათ, რადიო NOR-ის ჟურნალისტების შემოსვლა წინასწარი თანხმობის გარეშე ვერ ხერხდება.


გარდა მიმდინარე სამუშაოებისა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოს ჩატარებას, რომლის სახელმწიფო შესყიდვის ტენდერი უკვე გამოცდადებულია და მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების პროცესი.


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. განძის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშოები (II მონაკვეთი) (NAT240010544). 

ტენდერში მონაწილეობა მიიღო შპს “ჯავახავტოგზამ”. სამუშაოებისთვის გათვალისიწნებულია 149 200 ლარი –  ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან 59.48 %, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის 40.52% ფინანსდება. “ჯავახავტოგზამ” სამუშაოების განსახორციელებლად 138 000 ლარი შესთავაზა.

საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთს, რომელსაც კაპიტალური შეკეთება ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებია, წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის გზას, ასფალტის საფარი პრაქტიკულად არ არის შემორჩენილი, არსებული გზა დაზიანებულია და ზოგიერთ ადგილებში არის ორმოები, გზაზე არ არის შესრულებული როგორც გრძივი, ასევე განივი წყალმოცილება, სანიაღვრე სისტემა ძირითადად მოუწყობელია, წვიმიან ამინდებში არსებული ორმოები იფარება წყლით და სახიფათოს ქმნის გადაადგილებას.

ფოტოს წტარო: https://tenders.procurement.gov.ge/


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ გორელოვკის კულტურის სახლის და სოფ ტამბოვკის რიტუალური (კლუბის) სახლის სახურავების სარემონტო სამუშაოები (NAT240010533).

ტენდერში მონაწილეობა მიიღო კომპანია “ნიუ პროჯეკტმა”. სამუშაოებისთვის გათვალისწინებულია 130 000 ლარი. პროექტი ფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. სოფ. გორელოვკის კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოებისთვის გათვალისწინებულია 50 000 ლარი, ხოლო სოფ. ტამბოვკის – 80 000 ლარი.

გორელოვკის კლუბი. ფოტოს წყარო: https://tenders.procurement.gov.ge/


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ, სოფლებში – კათნატუ, პატარა ხანჩალი – რიტუალების სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა (NAT240010528).

ტენდერში მონაწილეობა მიიღო ი/მ სერგო ქსპოიანმა. სამუშაოებისთვის გათვალისწინებულია 106 000 ლარი, რომელიც ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. სოფ. კათნატუს რიტუალების სახლის სარეაბილიტაციოდ განკუთხვნილია 56 000 ლარი, ხოლო პატარა ხანჩალის – 50 000 ლარი.

ფოტო რადიო NOR-ის არქივიდან: რიტუალების სახლო პ. ხანჩალიში