თბილისის ქუჩები კვლავ მოიცვა საპროტესტო ტალღამ. 67-ე დღეა, რაც ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი ქუჩაშია და მთავრობის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ამჯერად პროტესტმა თბილისი-მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. აქცია წინასწარ იყო დაგეგმილი, უნდა გადაეკეტათ ცენტრალური მაგისტრალი.
შუადღისთვის თბილისის გასავლელში, თბილისი-მოლის მახლობლად ასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მიზანი იყო მთავარი გზის გადაკეტვა, რაც, პროტესტანტების თქმით, “ხელისუფლების ყურადღებას მიიპყრობდა”.
მიახლოებით დღის 4 საათისთვის პოლიციის ძალების მობილიზება უკვე შეინიშნებოდა მოძრაობის ორივე მიმართულებით. დაახლოებით ექვსი საათისთვის პოლიციამ დაიწყო პროტესტის მონაწილეების დაკავება. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციის წევრები (ნიკა მელია, პარტია “ახალის” ლიდერი და გიგი უგულავა, ყოფილი თბილისის მერი). მელიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ პოლიციის განყოფილებაში, სადაც ის ხელბორკილებით შეიყვანეს, ერთ-ერთმა პოლიციის ოფიცერმა “ფიზიკურად იძალადა – ფეხი დაარტყა”.
მიახლოებით 8 საათისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მათ შორის, ნიღბიანმა პირებმა ძალის გამოყენებით დაშალეს აქციის მონაწილეები. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, პოლიციელებმა დემონსტრანტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის პოლიციის “მინივენებში” დაკავების შემდეგაც. ორგანიზაცია “სამართღლიანობის ცენტრი” აღნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომლები, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, დაუსჯელობის სრული გარანტიით მოქმედებდნენ.
ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან ძალოვნები უკვე დაკავებულ აქციის მონაწილეებს. ეს ყველაფერი ათობით კამერის წინ ხდებოდა. ასევე, ფოტოზე კარგან ჩანს, რომ ძალოვანთა ნაწილი არ არის ჩაცმული კანონით გათვალისწინებულ საპოლიციო ფორმაში, დაფარული აქვს სახე და არ გააჩნია სამკერდე რეგისტრატორი. მეტიც, ნაწილს არც მაიდენტიფიცერებელი წარწერა აქვს ქურთუკზე.
დიღმის ტრასაზე ძალადობის ფაქტები წერტილოვნად ხორციელდებოდა. პოლიციის დანაყოფები ძირითადათ ცდილობდნენ არ მიეცათ შესაძლებლობა პროტესტანტებისთვის გადაეკეტათ თბილისიდან გასასვლელი ოთხზოლიანი მაგისტრალი.
ძალოვანთა დიდი ნაწილი სავალი ნაწილის ზოლის გასწვრივ ერთ ან ორ რიგად იყო განლაგებული. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავებებს ახორციელებდა “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფები”.
დაკავებების კასკადი დაიწყო მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა სცადეს ტრასის სრულად გადაკეტვა. პოლიციის ნაწილი საკმაოდ აგრესიული იყო ჟურნალისტების მიმართაც. ძალოვნების მხრიდან იგრძნობოდა აგრესია, ნიღბინთა რიგებიდან ისმოდა უცენზურო ფრაზები და გინებაც კი, განსაკუთრებით ქალების მიმართ.
დაახლოებით 8 საათზე პროტესტანტებმა დაიწყეს მარში დიღმის ტრასიდან თბილისის სასამართლოსკენ, აღმაშენებლის ხეივანის გავლით. ამ მარშის მონაწილეები, რომელთა შორის იყვნენ სტუდენტები, აქტივისტები და ოპოზიციის მხარდამჭერები მოგვიანებით რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ. საბოლოოდ საპროტესტო ტალღამ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა, რომელსაც გზადაგზა თან ახლდა დაკავებები, მაგრამ ამჯერად პოლიციის მხრიდან განსაკუთრებული სისასტიკის გარეშე.
რუსთაველის გამზირზე ღამის 11-ი საათისთვის ასობით ადამიანი იყო შეკრებილი და ისინი დიღმის ტრასიდან მოსულ კოლონებს სმარტფონების სანათებით და შეძახილებით “ცეცხლი ოლიგარქიას” ეგებებოდნენ. მარშის მონაწილეები მოიცავდნენ სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის სტუდენტებს, რომლებიც “ევროპისკენ!” და “არა რუსულ კანონს!” სკანდირებდნენ.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანები კვლავ ითხოვდნენ ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას და ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას. პროტესტის მშვიდობიანი ხასიათის მიუხედავად, დაძაბულობა შეკრებილ საზოგადოებაში მაინც იგრძნობოდა, განსაკუთრებით ოპოზიციის ლიდერების დაკავების ფონზე. რუსთაველის გამზირზე პროტესტანტთა რაოდენობა შემცირდა, მაგრამ შუაღმემდე პროსპექტი ჯერ კიდევ გადაკეტილი რჩებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც აქციის მონაწილეები წინსწრებით გააფრთხილა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულია. ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე შსს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოუწოდებს, “პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში” გამოხატონ.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის მონაწილეები გეგმავენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას.აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ , რომ „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილების თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები წარმოადგენს სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.
სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით”.
წყარო: netgazeti.ge