“რუსული კანონი“ ძალაში შესულია და სულ უფრო ცოტა დრო რჩება მისი აღსრულების დაწყებამდე. მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი არ დაემორჩილებიან ამ კანონს.
Რა ბედი ელის .ge დომენურ სახელებს, რომლებსაც ორგანიზაციები იყენებენ? მოსალოდნელი შეზღუდვებისა და ფინანსური სანქციების პარალელურად, ექნება თუ არა ბერკეტი ხელისუფლებას შეზღუდოს .ge დომენური სახელის გამოყენება?
კანონის მეორე მუხლის ბუნდოვანი პუნქტი დ)
“რუსული კანონის” მეორე მუხლი შეიცავს „დ“ პუნქტს, სადაც წერია, რომელი იურიდიული პირი მიიჩნევა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად”:
„ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა“.
კანონის ეს მუხლი საკმაოდ ბუნდოვანია, ვინაიდან „ან/და-ს“ გადათამაშებით იცვლება „აგენტების რეესტრში“ მოხვედრილი ინდემეწარმეებისა და სუბიექტების რიცხვი. ეს მუხლი და ზოგადად, მთლიანად „რუსული კანონი“, იმდენად ზოგადია, რომ მისი ნებისმიერი სახით ინტერპრეტაციაა შესაძლებელი, რაც შეუძლებელს ხდის ზუსტად იმის პროგნოზირებას, პრაქტიკაში რა სახით დაიწყება მისი აღსრულება.
პირველი, რაც ალოგიკურია, არის ფრაზა „ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს დომენს [.ge ზონაში]“. არსებული რეგულაციით, დომენი შეიძლება ეკუთვნოდეს ორგანიზაციას, მაგრამ პასუხისმგებელი პიროვნება ყოველთვის ერთია.
რა შეუძლია ხელისუფლებას?
“რუსული კანონით” გათვალისწინებული დირექტივების არდაცვა და აგენტების რეესტრზე უარის თქმა პირდაპირ არ ითვალისწინებს დომენის ჩამორთმევას. უფრო მეტიც, “აგენტობაზე” უარის თქმა არც საქართველოს კანონმდებლობით არ ითვალისწინებს დომენის “დაბლოკვას” ან “წართმევას”.
განმარტებისთვის, .ge დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესებში არის 6.1.3 მუხლი და ადმინისტრატორს, კერძო კომპანია “კაუკასუს ონლაინს” აძლევს უფლებას, შეაჩეროს დომენის რეგისტრაცია (ან მოქმედება) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არღვევს მარეგულირებელ კანონმდებლობას. “კაუკასუს ონლაინს” მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია დომენის გაუქმება.
“დომენი უქმდება, თუ მომხმარებელმა დაარღვია დომენის რეგულაცია ან მარეგულირებელი კანონმდებლობა და არ აღმოფხვრა ასეთი დარღვევა“, — აღნიშნულია კანონმდებლობაში.
თავად შეტყობინება დარღვევაზე ეგზავნება ადმინისტრაციულ პირს — დომენური სახელის ფაქტობრივ მფლობელს, და იგი ვალდებულია, გამოასწოროს დარღვევა საკუთარი რესურსით. ყველაზე ხშირად ეს დარღვევა საავტორო და სხვა სახის ინტელექტუალურ საკუთრებას ეხება და არანაირი შემხებლობა არ აქვს “რუსული კანონით” დაკისრებულ სანქციებთან.
თუ დომენის მფლობელი (რეგისტრანტი) დაარღვევს მარეგულირებელ კანონმდებლობას, მას შეიძლება შეუჩერდეს ჯერ დომენური სახელის რეგისტრაცია, რის შემდეგაც შესაძლოა, საერთოდ გაუქმდეს დომენური სახელი.
ასევე, წესების 6.5. მუხლის შესაბამისად, “კაუკასუს ონლაინი” ან კერძო რეგისტრატორი ვალდებულნი არიან, გააუქმონ დომენური სახელის რეგისტრაცია შეჩერებიდან ოცდაათი დღის გასვლის შემდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების საფუძველი არ აღმოიფხვრება მითითებულ ვადაში.
დაცვის მექანიზმები
“რუსული კანონი” არ ითვალისწინებს თქვენ მიერ უკვე შეძენილი დომენის სარგებლობის უფლების ჩამორთმევას. არ არსებობს რაიმე ორგანო, რომლის ძალაუფლება ამგვარად გავრცელდება “კაუკასუს ონლაინზე”.
საქართველოს კანონმდებლობით, უფლებამოსილი ორგანოს, მაგალითად, სასამართლოს მიერ კანონიერი საფუძვლით მომართვის შემთხვევაში, “კაუკასუს ონლაინი” იმოქმედებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.
ნებისმიერ პირს კი საკუთარი უფლებების დაცვა შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმებით — სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
შეუძლია თუ არა “კაუკასუს ონლაინს” ან რეგისტრატორს დაცვა ზეწოლისგან?
ქართული დომენების ადმინისტრატორი “კაუკასუს ონლაინი” ან რეგისტრატორი აღასრულებენ მხოლოდ იმ მოთხოვნებს, რომლის აღსრულების უფლებამოსილებაც თავად დომენების ბაზრის ზემოხსენებულ მოთამაშეებს აქვთ. იგი ეყრდნობა კანონიერ საფუძველს და ხორციელდება სასამართლოს მიერ.
თუკი ხელისუფლება ეცდება “რუსული კანონის” გამოყენებით რომელიმე მედიასაშუალებას ან ბიზნესს შეუქმნას პრობლემები, იძულებული იქნება დავა სასამართლოში აწარმოოს და მოსამართლის გადაწყვეტილებას დაელოდოს.
რას ნიშნავს დომენური სახელის რეგისტრატორი
ზოგადად .ge ზონის ადმინისტრირება ხორციელდება კერძო კომპანიის, “კავკასუს ონლაინის” მიერ, ხოლო რეგისტრატორები სხვა, კერძო კომპანიები არიან.
ისინი ახორციელებენ მომხმარებლებისთვის სასურველი დომენური სახელის რეგისტრაციასა და მართვას. სტატიის დაწერის მომენტისთვის .ge დომენს 21 აკრედიტებული კომპანია არეგისტრირებს და მათი რიცხვი მატულობს.
ავტორი: კონსტანტინე სტალინსკი, @StalinskyK