ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სამცხე ჯავახეთის სხვა ნაწილების მსგავსად, სოფლის მეურნეობით დაკავებული მოსახლეობისთვის, ძირითადი კულტურა კარტოფილია (რომელმაც, მაგ. 2023 წელს, დათესილი კულტურების 25.9% შეადგინა). კარტოფილი ადგილობრივების “მეორე პური” და ამავდროულად ძირითადი შემოსავლის წყაროცაა.
რუსტამ კონძიანი სოფელ პატარა ხანჩალის მკვიდრია. ყოველ წელს რუსტამი დაახლოებით 2.5 ჰექტარ მიწაზე მხოლოდ კარტოფილს თესავს. მისი თანასოფლელების მსგავსად, ამ კულტურის მოყვანა და შემდგომ გაყიდვა, მისი და მისი ოჯახისათვის ძირითადი შემოსავლის წყაროა. რუსტამი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გაძვირებული საწვავის და სხვა ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობის პირობებში, დღეს კარტოფილის მოყვანის საკითხი რეგიონში საფრთხის წინაშე დგას.
რუსტამი კარტოფილს ამუშავებს
რუსტამი მეურნებისგან მიღებული შემოსავლის თითქმის ნახევარს ისევ კარტოფილის შემდგომი წლის მოსავლის მოყვანაში ხარჯავს. რადიო ნორთან საუბრისას, რუსტამი ამბობს, რომ ომის შედეგად გაძვირებული საწვავი მნიშვნელოვნად ზრდის კარტოფილის მოყვანის ხარჯებს. მისი თქმით, დიზელის ფასი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა. საწვავის ფასის ზრდა ავტომატურად ტრაქტორების მომსახურების ღირებულებას ზრდის. რაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფერმერებისთვის სერიოზულ პრობლემას ქმნის.
“ბოლო 4 წელია იზრდება კარტოფილის მოყვანასთან დაკავშირებული ხარჯები, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მერე. შემოსავლის 20% სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის [ტრაქტორების] მომსახურებაში გვეხარჯება, 20-30% კი სხვა ხარჯებია, – მუშები, ქიმია, ტრანსპორტირება და ა.შ.”
კარტოფილის მოყვანის ხარჯების ზრდის პარალელურად, პრობლემაა გასაყიდი კარტოფილის დაბალი ფასიც. დღეისათვის ჯავახეთში მოყვანილი 1 კილოგრამი კარტოფილი 20-30 თეთრად იყიდება. ისიც იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდება მყიდველის პოვნა. თუმცა, ხშირად ფერმერებს, იმის გამო, რომ რეალიზაცია ვერ ხერხდება, კარტოფილის გადაყრა უწევთ.
გადაყრილი კარტოფილი, სოფელი პატარა ხანჩალი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები აღნიშნავენ, რომ ბოლო 2-3 წელია კარტოფილის მოყვანა ზარალის მომტანია. შემოსავალი ხარჯებს ვერ ფარავს. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ადგილობრივები, იმის გამო, რომ წლების განმავლობაში მათი შემოსავლის წყარო ძირითადად კარტოფილის მოყვანა ან რუსეთში დასაქმება იყო, მაინც აგრძელებენ ამ საქმიანობას [კარტოფილის მოყვანა]. განსაკუთრებით ისინი, ვინც სოფლად ცხოვრობს.
ჯავახეთის ფერმერები გამოსავალს ადგილობრივი ბაზრის დარეგულირებაში ხედავენ. ისინი ამბობენ, რომ მოცემულობაში, როცა საქართველოში კარტოფილი ძირითადად იმპორტით შემოდის [ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია] რეალიზაციის გარეშე დარჩენილი ჯავახური კარტოფილი ფუჭდება და იყრება. მათივე თქმით, დღეს ჯავახეთში მოყვანილი კარტოფილით შესაძლებელია მთელი ქვეყნის მოთხოვნილება დაკმაყოფილდეს ამ პროდუქტზე.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარიდან ნოემბრამდე საქართველოში იმპორტირებული კარტოფილის მოცულობამ 30 ათასი ტონა შეადგინა და ღირებულებაში 7 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ამის პარალელურად, დროის ამავე შუალედში, საქართველოდან 1 მილიონ 300 ათასი დოლარის ღირებულების – 4 723 ტონა კარტოფილი გავიდა. შესაბამისად, გამოდის, რომ ქვეყანაში კარტოფილის იმპორტი ექსპორტს [შემოტანა გატანას] თითქმის 5-ჯერ აღემატებოდა.
ადგილობრივი ფერმერების აზრით, პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა სახელმწიფოსა და რეგიონული ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერის ზომების გატარება. მნიშვნელოვანია ფერმერების დახმარება არა მხოლოდ კულტურის მოყვანის ხარჯების შემცირებაში, არამედ პროდუქციის ეფექტური რეალიზაციის ორგანიზებაშიც, როცა ჯავახეთის კარტოფილი გაიყიდება ისეთ ფასად, რომ ფერმერებმა მოგებაზე გასვლა მოახერხონ.