მხოლოდ ერთ თვეში, მაისში, სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ 131 საჩივარი დაიწერა, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში კი – 752. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მაისში შესული საჩივრიდან 118 სამომხმარებლო სესხებს ეხებოდა, 12 – სალომბარდე სესხებს, 1 საკრედიტო ბარათს.
ამავე მონაცემების მიხედვით, აღნიშნული პრეტენზიებიდან 131-ვეს განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით უკვე დასრულდა და მომხმარებლის საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.
როგორც რადიო „პალიტრას“ გადაცემაში “თქვენი დრო” იურიდიული კომპანიის „ოქეი ენდ სი ჯი“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ოთარ კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, “კარგი იქნებოდა რომ მოქალაქეთა დავების 50% მაინც მათ სასარგებლოდ იყოს გადაწყვეტილი”.
„ყველაზე ხშირად უფლებებს სესხის ამომღები პირები არღვევენ და არა ბანკები ან მიკროსაფინანსოები. ისინი სოციალურ ქსელსაც კი იყენებენ, კონკრეტული მიზნის მისაღწევად. მოვუწოდებ მომხმარებლებს, თუკი მათი პირადი მონაცემები არასასურველ ხელში აღმოჩნდა, მიმართონ პერსონალურ მონაცემთა ინსპექციას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და საკმაოდ ობიექტურადაც აკეთება თავის საქმეს,“- განაცხადა იურისტმა.
მისი თქმით, ხელშეკრულების გაფორმებამდე, აუცილებელია საკითხის საფუძვლიანი შესწავლა.
„ძალიან ღრმა ცოდნას საჭიროებენ მომხმარებლების მხრიდან, რომ სესხზე ხელმოწერამდე საფუძვლიანად იცოდნენ პირობები, ბანკი ამ შემთხვევაში დომინანტია, ფული მას აქვს და ბოლოს აღმოჩნდება ხოლმე, რომ საკუთარი წესებით გვათამაშებს, ძირითადად უფლებები გამოანგარიშების დროს ირღვევა, ერთია რა წერია ფურცელზე, მეორე, რას ითვლის პროგრამა. გამოდის სხვადასხვა რამ და ის პროგრამა რასაც აკეთებს არის თითქოს მართალი, მაგრამ რეალურად მომხარებელი რჩება მოტყუებული. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა სწორად კითხვის დასმა იცოდნენ, ამისთვის სპეციალური კონსულტაციის გავლაც კი აუცილებელია,“ – განაცხადა კაჭკაჟიშვილმა.
იურისტმა რეკომენდაციები გასცა სესხის ხანდაზმულიობასთან დაკავშირებითაც.
„ძალიან ხშირია ხანდაზმულ სესხებზე დავები, ასევე სარეალიზაციოდ მიქცეული ქონებების რეალიზაციასთან დაკავშირებული დავები. თუ მოვალემ რაიმე ფორმით თუნდაც 5 ლარი გადაიხადა 10 000 ლარიან სესხზე, ამ დროს ცოცხლდება თქვენი ვალდებულება. მაგრამ თუ 3 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ არ მოგთხოვათ ამ ვადაში თანხა, თქვენ უფლება გაქვთ უარი თქვათ მის გადახდაზე. კანონი გვეუბნება ამას,“ – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.