თბილისში 10-მდე სასტუმრო დაიხურა, ათეულობით იყიდება. მაისში რუსთაველზე რეკონსტრუქცია იწყება?

თბილისში 10-მდე სასტუმრო დაიხურა, ათეულობით იყიდება. მაისში რუსთაველზე რეკონსტრუქცია იწყება?

მაშინ, როცა დედაქალაქის ხელისუფლება შოთა რუსთაველის გამზირის მასშტაბურ რეკონსტრუქციას ემზადება, თბილისის ცენტრში სასტუმროების მფლობელები უძრავ ქონებას ყიდიან. გასაყიდად გამოდის „შოთა რუსთაველის ბუტიკ სასტუმრო“ — სასტუმრო, რომელიც 2015 წლიდან 2025 წლამდე ათი წლის განმავლობაში მუშაობდა. ამის შესახებ სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჩუბინიძემ განაცხადა.

სასტუმროში 55 ნომერია და მასში ფიტნეს ცენტრი, დახურული აუზი, ბარი, რესტორანი და საკონფერენციო დარბაზი მდებარეობს. ის საქართველოს პარლამენტის გვერდითა ნაწილის წინ არის განთავსებული, ხოლო უკანა მხარეს პირველ გიმნაზიას ესაზღვრება.

ნინო ჩუბინიძის თქმით, „შოთა რუსთაველის ბუტიკ სასტუმროს“ გაყიდვის გადაწყვეტილება ბაზარზე არსებულ ზოგად მდგომარეობას უკავშირდება. მისი სასტუმრო კი ამ მდგომარეობაში მყოფი ერთადერთი ობიექტი სულაც არ არის.
„ეს ზამთარი ჩვენი ბიზნესისთვის უკიდურესად რთული აღმოჩნდა. სასტუმროების სექტორი დიდადაა დამოკიდებული სეზონურობაზე, მაგრამ ახლა სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა. ქვეყანაში არასტაბილურობაა, რაც პირველ რიგში სასტუმროებს ურტყამს. ტურისტული ნაკადი მკვეთრად შემცირდა, ხოლო ძირითადი სტუმრები ბიუჯეტური მოგზაურები არიან. ჩვენ ვხედავთ სასტუმროების მასობრივ გაყიდვას, რაც გასაკვირი არაა — არასტაბილური ეკონომიკური გარემო ჩვენს სექტორს უარყოფით პირობებს უქმნის“, — განმარტავს ჩუბინიიძე.

მას ეთანხმება დავით მესხი, სასტუმროების მმართველი კომპანია DNT Group-ის თანამფლობელი. მისი თქმით, თბილისში ბოლო დროს დაახლოებით 10 სასტუმრო დაიხურა, კიდევ უფრო მეტმა შეაჩერა მუშაობა, ხოლო ათეულობით სასტუმრო გასაყიდადაა გამოტანილი.

– “პროტესტების დროს დაჯავშნების უმეტესი ნაწილი გაუქმდა. ამას მოჰყვა „შუა სეზონი“ — იანვრის მეორე ნახევარი და თებერვალი. ახლა ყველა სასტუმროს სერიოზული ზარალი აქვს, განსაკუთრებით თბილისში. რეგიონებშიც მდგომარეობა არაა უკეთესი. მე თვითონ ვიცი მინიმუმ 10 სასტუმრო, რომელიც დაიხურა, და უამრავი ობიექტი, რომელიც გასაყიდადაა გამოტანილი“, — ამბობს ის.

პროტესტი და რეკონსტრუქცია

2024 წლის ბოლოდან სასტუმრო თბილისში გაჩაღებული პროტესტების ეპიცენტრში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ შენობა არ დაზიანებულა, საშობაო სეზონზე მუშაობა მთლიანად პარალიზებული იყო.

ახლა, როცა პროტესტების ტალღა ჩაცხრა, ქალაქის ხელისუფლების ჯერი დადგა. 2025 წლის მაისში რუსთაველის გამზირზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება — მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული გამოცვლით. ხელისუფლება ჰპირდება, რომ სამუშაოებს ოთხ თვეში, სექტემბრისთვის დაასრულებს, თუმცა ეს ოპტიმისტური პროგნოზია. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ თბილისში მსგავსი რემონტი ხშირად წლობით გრძელდება, განსაკუთრებით, თუ საქმე XIX-XX საუკუნეების კომუნიკაციებს ეხება.

გადაკეტილი მოძრაობისა და ჭუჭყის გარდა, ქალაქის ცენტრს კომუნალური ავარიები ემუქრება: შესაძლებელია წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის გათიშვა არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, არამედ მიმდებარე ქუჩებზეც. ფაქტობრივად, კომუნალური კოლაფსი ქალაქის ისტორიულ ცენტრს ემუქრება.

სასტუმროები ტოვებენ ბაზარს?

SS.ge-ის ბიზნეს ინფორმაციის პლატფორმაზე რუსთაველის გამზირზე გასაყიდი სასტუმროების უამრავ განცხადებას ნახავთ — პატარა აპარტ-სასტუმროებიდან დაწყებული, დიდი ბრენდული ობიექტებით დამთავრებული.
ახალ შეთავაზებებს შორის ყურადღებას იპყრობს კიდევ ერთი სასტუმრო, რომელიც რუსთაველის გამზირის მახლობლად მდებარეობს.

საუბარია „ორბელიანის რეზიდენს ჰოტელზე“, რომელიც XIX საუკუნის ისტორიულ სასახლეშია განთავსებული. შენობა კლასიკურ სტილშია აგებული, სვეტებით, და მდებარეობს ორბელიანის სასახლის (საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია) წინ. ორსართულიან შენობაში 21 ნომერია, ხოლო მთლიანი ფართობი 1,564 მ²-ს შეადგენს. ობიექტის ღირებულება 4,700,000 დოლარია (დაახლოებით 3,000 დოლარი კვადრატულ მეტრზე).

აღსანიშნავია, რომ ეს ობიექტი ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ღვინის კომპანიას, „კახეთის ტრადიციულ მეღვინეობას“ (KTW) ეკუთვნის. დიდი ბიზნესი კი, როგორც წესი, სხვებზე უკეთ ხვდება, როდის და საიდანაა საჭირო წასვლა.