ნინოწმინდაში ცენტრალური პარკის მდგომარეობა მოსახლეობისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ყურადღებას მოითხოვს.
ქალაქ ნინოწმინდის ცენტრალურ პარკში არაერთი პრობლემაა, რომელიც როგორც მოსახლეობას, ასევე მუნიციპალიტეტის მერიას ეხება. პარკის საპირფარეშოში უნიტაზი გაჭედილია, იატაკზე არის ფეკალიები, ფოთლები და ჭუჭყი, არ არის სრულფასოვანი სველი წერტილი (ნიჟარაზე ონკანი არ არის). საპირფარეშოში ანტისანიტარიაა და მძაფრი სუნი დგას.
საპირფარეშოს გარდა, საბავშვო მოედანიც ასევე ცუდ მდგომარეობაშია. გახვრეტილია კარუსელები, ტერიტორია დანაგვიანებულია.
სიგარეტის კოლოფები, ქილები, პარკები და მზესუმზირის ჩენჩო მიმოფანტულია სათამაშო მოედნის ქვეშ. არის ორი სკამი, სადაც, სავარაუდოდ, ის ადამიანები სხედან, რომლებიც ნაგავს ტოვებენ და ბავშვებისთვის დასასვენებელ ადგილს ანაგვიანებენ.
აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ სათვალთვალო კამერების დასამონტაჟებლად 13 000 ლარზე მეტი დახარჯა, რომლებიც თავად ცენტრალურ პარკსა და მერიის შენობაშია დამონტაჟებული. მაგრამ სად იყურება ეს კამერები? – მოსახლეობის დაუდევარი დამოკიდებულება არ წყდება, ქალაქის ინფრასტრუქტურა და ინვენტარი კვლავ ფუდება და კამერები მხოლოდ მყარ დისკზე ავსებენ ადგილს.