სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ჯავახეთის ადგილობრივი თემის საჭიროებები 2024 წლის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს წარუდგინა
5 თვის განმავლობაში, 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აპრილის ჩათვლით სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ნინოწმინდასა და ახალქალაქში ადგილობრივი თემის, მათ შორის ქალებისა და ახალგაზრდების საჭიროებები და ამ საჭიროებების პრიორიტეტები თვისებრივი კვლევის მეთოდით გამოავლინა. კვლევა ჩატარდა პროექტის ფარგლებში – ,,ჩვენი ხმა“, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მხარდაჭერით განახორციელა. სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრს (SJMC) რეგიონში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. აღნიშნული პროექტის მიზანი კი იყო კვლევის შედეგად გამოვლენილი ადგილობრივი თემის საჭიროებების პრიორიტეტების გაცნობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისათვის და ამ საჭიროებების წინასაარჩევნო პოლიტიკურ დისკურსში ასახვის ხელშეწყობა.
თვისებრივი კვლევა ფოკუს-ჯგუფების გამოკითხვის მეთოდით და სიღრმისეული ინტერვიუების გამოყენებით ჩატარდა. ფოკუს-ჯგუფების მიზანი იყო ჯავახეთის ადგილობრივი თემის – ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების, ქალებისა და ახალგაზრდების პრიორიტეტული საჭიროებების გამოვლენა, სიღრმისეული ინტერვიუების მიზანს კი წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ხედვის გაცნობა ფოკუს-ჯგუფების კვლევის დროს გამოკვეთილი საკითხების დაზუსტების მიზნით, ასევე ამ გამოვლენილი საჭიროებების მოგვარების შესაძლო გზების განხილვა და ანალიზი.
ჩატარდა 6 ფოკუს-ჯგუფი, 3 ფოკუს-ჯგუფი ნინოწმინდაში, 3 ფოკუს-ჯგუფი ახალქალაქში, რომლებშიც მონაწილეობდნენ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებიდან, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში მცხოვრები, სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის, სხვადასხვა სოციალური მდგომარეობის ქალები, ახალგაზრდები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შერეული ჯგუფები. თითოეულ ჯგუფში მონაწილეობა მიიღო 9-11-მა ადამიანმა, სულ 60-ზე მეტმა. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 19 წლის, ხოლო ყველაზე ხანდაზმული მონაწილე – 83 წლის იყო.
ფოკუს-ჯგუფებისა და ინტერვიუების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების პრიორიტეტიზების მიზნით, პროექტის გუნდი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში შეხვდა ქალებსა და ახალგაზრდებს, გააცნო მათ კვლევის შედეგები და რანჟირების, წყვილების შედარების მეთოდით მოხდა ფოკუს-ჯგუფების კვლევის დროს გამოვლენილი საჭიროებების პრიორიტეტიზაცია. სულ ჩატარდა 4 ასეთი შეხვედრა, ორი ნინოწმინდის, ხოლო 2 ახალქალაქის წარმომადგენლებთან. შეხვედრებში მონაწილეობდა 70-მდე ადგილობრივი თემის წარმომადგენელი. გარდა ამისა, ნინოწმინდისა და ახალქალაქის ქუჩებსა და სოფლებში პროექტის გუნდი შეხვდა ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს, რომელთაც ჰქონდათ შესაძლებლობა კონსტრუქციაზე დამაგრებული კვლევის დროს გამოვლენილი საჭიროებებიდან აერჩიათ მათთვის ყველაზე პრიორიტეტეული ორი გამოწვევა და ბურთულა მოეთავსებინათ მის გასწვრივ მდებარე გამჭვირვალე მილში. ამგვარად, პირისპირ დიალოგის გზით გამოიკვეთა 300-ზე მეტი ადამიანის პრიორიტეტი. ყველაფრის გათვალისწინებით, კვლევის შედეგებში აისახა ნინოწმინდისა და ახალქალაქის ადგილობრივი თემის 500-მდე წარმომადგენლის პოზიცია.
მომზადდა კვლევის ანგარიში. აღნიშნული კვლევა არ არის წარმომადგენლობითი და ანგარიშში მოცემული მიგნებები ეყრდნობა ჩატარებული ექვსი ფოკუს-ჯგუფის, ოთხი შეხვედრის, სიღრმისეული ინტერვიუებისა და ნინოწმინდისა და ახალაქალაქის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ თემთან პირისპირ შეხვედრების შედეგად მიღებულ ინფორმაციას.
კვლევის შედეგად ახალგაზრდებმა პრიორიტეტულ გამოწვევებად სამუშაო ადგილების სიმცირე, ხარისხიან საბაზო განათლებაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა და ენობრივი ბარიერი – სახელმწიფო ენის არცოდნა დაასახელეს.
ქალები ყველაზე აქტუალურ გამოწვევებად ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ნაკლებ ხელმისაწვდომობას, პროფესიული განათლების მიღების ნაკლებ შესაძლებლობას, მუნიციპალური – საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობას და ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემებს თვლიდნენ.
ჯავახეთის ადგილობრივი თემის საერთო გამოწვევები კი, რომელიც შერეული ფოკუს-ჯგუფებისა და ქუჩებში მოქალაქეთა გამოკითხვით გამოვლინდა – ადგილზე მუშაობის შესაძლებლობის ნაკლებობა, მზარდი შრომითი მიგრაცია, სოფლის მეურნეობის ახალ ტექნოლოგიებზე წვდომის ნაკლებობა და საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული რთული პროცედურებია.
პროექტის გუნდმა კვლევის შედეგები ნინოწმინდისა და ახალქალაქის ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს წარუდგინა, ამ გამოწვევების შესახებ მომზადდა მასალები ნინოწმინდისა და ახალქალქის ადგილობრივ მედიაში.
კვლევის შედეგების შესახებ ინფორმირებულები იქნენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიები. მათ წერილობით გაეგზავნათ კვლევის შედეგები და კვლევის შედეგად გამოვლენილი პრიორიტეტები. შედგა ჯავახეთის ადგილობრივი თემისა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენელთა ონლაინ შეხვედრაც. შეხვედრაზე მოწვეული გვყავდა 14 პოლიტიკური პარტია, სახელისუფლებო პარტიის ჩათვლით, თუმცა შეხვედრაში მხოლოდ შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე მათ წარადგინეს პარტიების ხედვები გამოვლენილ გამოწვევებთან მიმართებით, უპასუხეს ადგილობრივი თემის შეკითხვებს.
პროექტის გუნდი ასევე დაუკავშირდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 14 პოლიტიკურ პარტიას და თხოვა მათ ან წერილობით, ან ვიდეო ჩართვით გაეცნო პარტიის ხედვა ჯავახეთის ადგილობრივი თემის გამოწვევებზე. ვიდეო ინტერვიუების ჩაწერა შესაძლებელი გახდა ხუთ პოლიტიკურ პარტიასთან.
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ პოლიტიკური პარტიების – ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“, კოალიცია ,,ცვლილებებისათვის“, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, კოალიცია ,,ძლიერი საქართველოსათვის“ და ,,გახარია საქართველოსათვის“ – წარმომადგენელთა ვიდეო ინტერვიუებს, სადაც პოლიტიკოსები წარადგენენ მათი პარტიებს ხედვებს
ქალების გამოწვევებზე ჯავახეთში, ახალგაზრდების გამოწვევებზე ჯავახეთში და ეთნიკური უმცირესობების გამოწვევებზე ჯავახეთში.
„რეგიონში ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება და ადგილობრივ თემთან ურთიერთობა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ როგორც ქალებს, ასევე ახალგაზრდებს რეალურად აქვთ საიმისო ინტერესი, რომ მეტად ინტეგრირდნენ საზოგადოებაში და უფრო აქტიური როლი ითამაშონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
თუმცა ამისათვის საჭიროა ისმოდეს მათი ხმა, მკაფიოდ ფიქსირდებოდეს მათი სპეციფიური საჭიროებები და ამ საჭიროებების აღმოფხვრაზე იყოს ორიენტირებული პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დღის წესრიგი, აისახოს პროგრამებში და გაიწეროს კონკრეტული სტრატეგიები ეთნიკური უმცირესობების გამოწვევების აღმოსაფხვრელად“ – აღნიშნავენ „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრში“.
ვიდეოს მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით. ვიდეოს შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.