საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „ამნისტიის შესახებ“ კანონს. ხელმოწერის მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არჩევნების წინ ამნისტიის კანონის მიღებას ამომრჩევლის ირიბ მოსყიდვად აფასებს.
„საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა.
ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე.
პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა „ამნისტიის შესახებ“ კანონს“, – წერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი 17 სექტემბერს მიიღო.
ამნისტიის შედეგად, დაახლოებით 1000 მსჯავრდადებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო 4 800-მდე ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება (1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით). ვადა არანაკლებ ერთი წლით შეუმცირდება 7000-მდე პრობაციონერს.
ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 290-ზე მეტი მუხლის სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს. ის ვრცელდება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებზე.
კანონი ასევე შეეხება დანაშაულის დაფარვისთვის და შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულ სასჯელებს – რა ვადითაც შემცირდება კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელი, იგივე პროპორციით შემცირდება ამ დანაშაულის დაფარვისთვის ან შეუტყობინებლობისთვის.
ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
ამნისტიის კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე. მისი აღსრულება კი (კონკრეტული გამონაკლისების გარდა) კანონის ამოქმედებიდან ხუთი კვირის ვადაში უნდა დასრულდეს.
მაგალითად, იმ მუხლებზე, რომლებზეც სასჯელის ვადის შესამცირებლად დაზარალებულის თანხმობაა საჭირო და ასეთი არის სახელმწიფო, მისი თანხმობა მოპოვებული უნდა იქნეს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო თუ დაზარალებული ფიზიკური ან იურიდიული პირია, თანხმობის მოსაპოვებლად ექვსი თვეა განსაზღვრული.
წყარო: რადიო თავისუფლება