ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში ბოლო დროს განსაკუთრებით მომრავლდა მაწანწალა ძაღლები, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში სერიოზული შიში და შეშფოთება გამოიწვია. მოსახლეობის თქმით, ძაღლები ხშირად აგრესიულად იქცევიან და მათი თავდასხმის საფრთხე ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად დადიან სკოლაში.
მოსახლეობის წარმომადგენლების თქმით, მაწანწალა ძაღლები ხშირად ჯგუფებად დადიან და ქმნიან რეალურ საფრთხეს, არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც. “ბავშვების მარტო გაშვება სკოლაში ძალიან სახიფათოა. ძაღლები არაპროგნოზირებადები არიან და შეიძლება ნებისმიერ დროს დაესხან თავს,” – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები
სკოლის მოსწავლეების მშობლები ყველაზე მეტად შეშფოთებულები არიან. ისინი ცდილობენ, ბავშვები სკოლაში პირადად მიაცილონ.
სოფელ სამების მოსახლეობა იმედს იტოვებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მიიღებს საჭირო ზომებს და მოახდენს რეაგირებას, რათა უზრუნველყოს მათი და მათი ბავშვების უსაფრთხოება.