3-ოქტომბერს, „რადიო NOR-მა გამოაქვეყნა საგანგაშო სტატია, რომელიც გორელოვკაში მდებარე ბუღდაშენის მდინარის ეკოლოგიურ კრიზისს ეხებოდა. სტატია შეიცავდა ფოტოებსა და ვიდეომასალას, სადაც ნათლად ჩანს მდინარის დაბინძურების მასშტაბი – წყალში უხვად ჩაყრილია საყოფაცხოვრებო ნარჩენები, არყის ბოთლები, საქონლის ნაკელი და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემებიდან გამავალი ნარჩენები პირდაპირ მდინარეში ჩაედინება.იმავე დღეს ნინოწმინდელმა ვოლონტიორებმა მიმართეს რადიო NOR-ს და განაცხადეს, რომ სურდათ მდინარის ნაგვისგან გაწმენდა. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო არა მხოლოდ ბუღდაშენის მდინარის გასუფთავებისთვის, არამედ იმ სოციალური სოლიდარობისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დემონსტრირებისთვის, რომელიც ამ სოფელში ვითარდება.რადიო NOR-ი მადლობას უხდის ნინოწმინდელ ვოლონტიორებს.
,,მდინარე ბუღდაშენის კრიზისი გორელოვკაში და საზოგადოებრივი უპასუხისმგებლობა” ფოტო-ვიდეო
ბუღდაშენის მდინარე, რომელიც ერთ დროს სუფთა წყლების, სიმშვიდისა და ბუნებრივი სილამაზის სიმბოლო იყო, დღეს უკვე კრიზისულ მდგომარეობაშია. მძიმე ეკოლოგიურმა პირობებმა და ნაგვის დონის მკვეთრმა მატებამ მდინარის წყლის ხარისხი მნიშვნელოვნად გააუარესა.
ბუღდაშენის მდინარის ეკოლოგიური კატასტროფა, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის მხრიდან გარემოსდაცვითი სტანდარტების სისტემატურ უგულებელყოფას უკავშირდება. მრავალი წელია, მდინარე გადაქცეულია არაოფიციალურ ნაგავსაყრელად, სადაც სათანადო ზედამხედველობისა და კანონის დაცვის გარეშე ხდება ნარჩენების დაგროვება. ეს პრობლემა არ არის ახალი, და მისი მძიმე შედეგები უკვე დიდი ხანია სახეზეა, მაგრამ რეალურ ცვლილებებსა და გადაწყვეტილებებს ვერ ვხედავთ.
ვიდეოში, რომელიც სტატიას ახლდა, ბუღდაშენის მდინარის მდგომარეობა აშკარად მეტყველებს, რომ ადგილობრივები ყოველდღიურად ანადგურებენ ბუნებრივ რესურსს, რომელიც თავადვე სჭირდებათ. გარდა ამისა, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემებიდან ჩაშვებული ნარჩენები პირდაპირი შედეგია ადგილობრივი მაცხოვრებლების უპასუხისმგებლობისა.
მოსახლეობის მხრიდან გაუთვალისწინებელი ქმედებები მხოლოდ ერთი ნაწილია პრობლემის. გარემოსდაცვითი სტანდარტების უგულებელყოფა სამთავრობო და ადგილობრივი ორგანოების პასიურობაზეც მიუთითებს. რამდენად ხშირად ხდება მონიტორინგი? არსებობს თუ არა შესაბამისი წესები და მათი დამრღვევთა სანქცირების მექანიზმი? როგორც ჩანს, ამ კითხვებზე პასუხი უფრო და უფრო გაურკვეველი ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ბუღდაშენის მდინარის დაბინძურების შესახებ წლების განმავლობაში არაერთი სიგნალი გაისმა, მდგრადი გადაწყვეტები ჯერ კიდევ არ ჩანს.
უფრო მეტიც, პრობლემის ძირეული მიზეზი მოსახლეობის გაუთვითცნობიერებლობაა. მასშტაბური საინფორმაციო კამპანიები, რომლებიც გარემოსდაცვითი სტანდარტების მნიშვნელობაზე გაამახვილებდა ყურადღებას, პრაქტიკულად არ ხდება. მოსახლეობის ნაწილისთვის გარემოს დაცვა ჯერ კიდევ არ არის პრიორიტეტული. შესაბამისად, ეკოლოგიური კატასტროფა, როგორიცაა ბუღდაშენის მდინარეში არსებული მდგომარეობა, გარდაუვალია.