საქართველოში მიღებულმა კანონმა „უცხოური აგენტების შესახებ“ უარყოფითი გავლენა მოახდინა სხვადასხვა სფეროზე, მათ შორის სოფლის მეურნეობაზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯავახეთის რეგიონის განვითარებისთვის.
ამ კანონის მიღებამ და ზოგადად საქართველოს საგარეო პოლიტიკაში გადადგმულმა ნაბიჯებმა უარყოფითი ზეგავლენა იქონია ქვეყნის ურთიერთობაზე ორ უმსხვილეს პარტნიორთან – ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან. ეს ორი გეოპოლიტიკური აქტორი უკვე წლებია ახორციელებს მრავალმილიონიან დახმარების პროგრამების სრულ სპექტრს საქართველოში.
ეს ფინანსური მხარდაჭერა მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზებას. დასვლეთის მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, ფერმერების მომზადებაში, პროდუქციის წარმოებასა და მართვის მეთოდების გაუმჯობესებაში. ევროკავშირის დაფინანსებით ENPARD-ის პროგრამა ამოქმედდა, სახელწოდებით “ევროპის სამეზობლო პროგრამა საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის თემების განვითარებისთვის“.
სუბსიდირების პროგრამები დაეხმარა ადგილობრივ მწარმოებელს გამხდარიყო კონკურენტუნარიანი და გაეტანა პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე.
თანამშრომლობა მოიცავდა პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას, გარემოს დაცვას და მუშაობას კლიმატის მუდმივი ცვლილების პროცესში. შედეგად, ქართული პროდუქციის დასახმარებლად და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში, გაიხსნა ახალი ბაზარი ექსპორტისთვის.
ამ ზომებმა ხელი შეუწყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერებას და სოფლად მცხოვრებთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
თუმცა, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის გამოყენებამ სიტუაცია შეცვალა. ადგილობრივი ფერმერები და კომპანიები, რომლებმაც მიიღეს მხარდაჭერა უცხოელი დონორებისგან, ვეღარ ეყრდნობიან იმ ფინანსურ მხარდაჭერას, როგორც ეს მანამდე ხდებოდა.
„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონმა გამოიწვია გარე ინვესტიციების შემცირება სოფლის მეურნეობის სექტორში და ეს უარყოფითად აისახება მოდერნიზებასა და ტექნოლოგიების დანერგვაზე.
საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სირთულეები აფერხებს ფერმერების მხარდაჭერას და სწავლებას. ზოგადად, კანონმა „უცხოური აგენტების შესახებ“ ახალი გამოწვევები შეუქმნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს, რაც გავლენას ახდენს მის მდგრადობასა და განვითარებაზე.
როგორც ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორმა მახარე მაცუკატოვმა განაცხადა, საქართველო ბევრმა დონორმა დატოვა.
„ამ კანონის მიღებით მთავრობამ შეაჩერა სამთავრობო ინიციატივების დაფინანსების მრავალი პროგრამა. ეს ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო პროგრამებს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში, მცირე და საშუალო ბიზნესში. ასევე, შეჩერდა ზოგიერთი კერძო პროგრამა, რომელიც მიმართული იყო მხარდაჭერასა და განვითარებაზე, მათ შორის იმ რეგულაციების ინტეგრაციისა და იმპლემენტაციის კონტექსტში, რაც სახელმწიფომ აიღო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით“, – ამბობს ის.
მისი აზრით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამ მრავალი სფეროს განვითარება გამოიწვია, მაგრამ ამ კანონის მიღებით ყველაფერი შეიცვლება.
– “დიახ, ბევრი საკითხი იყო საკანონმდებლო და საჯარო სივრცეში შესატანი, მათი ინტეგრირება. ბევრი პროგრამა მუშაობდა იმისთვის, რომ ეს სტანდარტები განხორციელდეს როგორც საკანონმდებლო, ისე კერძო დონეზე.
მაგალითად, ეს ეხებოდა სურსათის უვნებლობას, საფრთხეების ანალიზსა და კრიტიკულ საკონტროლო წერტილებს (HACCP), ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის (DCFTA) პროგრამის განხორციელებას.
ზემოხსენებული პროექტები მოიცავდნენ თანამმშრომლობის რამდენიმე ფრონტს, მათ შორის თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და კერძო სექტორთან.
ამავდროულად, უზრუნველყოფილი იყო ტექნიკური მხარდაჭერა. მათ შორის განათლება და ტრენინგები. მაგალითად, თუ როგორ უნდა მიეყვანა რძის მაღაზიას ხარისხი ევროპულ სტანდარტებთან და სანიტარიულ ნორმებთან.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად აკონტროლებს სახელმწიფო ამ პროცესს. ასევე, საიდან მიიღებს ბიზნესი ტექნიკურ და საინფორმაციო მხარდაჭერას“, – დაამატა მან.