საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, გასულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა “ქართულმა ოცნებამ” ხმების მნიშვნელოვანი პროცენტი მიიღო ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, როგორიცაა მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, დმანისი, ახალქალაქი და ნინოწმინდა.
ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევების შესახებ. მათ შორის ევროკავშირმა და შტატებმა მოითხოვეს საქართველოს ხელისუფლებისგან გამოძიების დაწყება. საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტში შესულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა.
მანამდე საქართველოში, პირველი აგვისტოდან, ამოქმედდა კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ, რომელიც ავალდებულებს ორგანიზაციებს დარეგისტრირდნენ როგორც “უცხოური გავლენის აგენტები”, თუ კი მათი დაფინანსების 20%-ზე მეტია საზღვარგარეთიდან.
თავიდანვე ბევრმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არ დარეგისტრირდებოდა იუსტიციის სამინისტროს რეესტრში, მათ შორისაა სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო” (PMMG), რომელიც წარმოადგენს და აერთიანებს სხვადასხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფს ქვეყანაში.
არჩევნების მონიტორინგი
PMMG-ის თავმჯდომარემ არნოლდ სტეპანიანმა ‘რადიო NOR’-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კანონი უკვე შეეხო მათ საქმიანობას და გარკვეულწილად ამანაც იმოქმედა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროცესზე.
“დიდი დრო დავხარჯეთ ამ კანონთან დაკავშირებული გარკვეული რისკების თავიდან აცილებაზე და ამას დიდი დრო დასჭირდა, ნაცვლად იმისა, რომ დრო უნდა დაგვეთმო არჩევნების მონიტორინგისთვის. დავიშალეთ, რადგან გვაქვს არაერთი შემთხვევა, როდესაც დამკვირვებლები არჩევნების მონიტორუნგზე უარს ამბობდნენ – მათ არ სურდათ “აგენტთან” ასოცირება”.
არავინ იცის, როგორ გააგრძელებს ორგანიზაცია მუშაობს შექმნილ პირობებში. უმეტეს შემთხვევაში, ორგანიზაციები ემზადებიან უარესისთვის, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც იცავენ ეთნიკური უმცირესობების უფლებებს.
“ჩვენ სხვა სახელმწიფოების ინტერესების აგენტები არ ვართ და შესაბამისად, ეს კანონი ჩვენ არ გვეხება. ჩვენ არ ვრეგისტრირდებით და არ ვიხდით ჯარიმებს. ეს პრინციპული პოზიციაა.
არსებობს ორი კანონი, რომლითაც საზრდოობს ნებისმიერი საზოგადოებრივი ორგანიზაცია და ვფიქრობ ყველა ადამიანი – საქართველოს კონსტიტუცია და შიდა ღირებულებები. კანონი გვიბიძგებს “აგენტების რეესტრში” დარეგისტრირებისკენ, მაგრამ ჩვენ ვამჯობინეთ ვიხელმძღვანელოთ შიდა ღირებულებებით და არა კანონმდებლობით”, – აღნიშნა არნოლდ სტეპანიანმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არ აღიარებენ საკუთარ თავს აგენტად, კანონის მიღების შემდეგ ემზადებიან სანქციებისთვის. არნოლდ სტეფანიანის თქმით, “მრავალეროვანი საქართველო” მათთვის მზად არის.
– “ვიცი, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ ღირებულებებისთვის. ჩვენ გვაქვს ქონება, რომლის ჩამორთმევაც შეუძლიათ და ამისთვისაც მზად ვართ”, – ამბობს ის.
“მრავალეროვანი საქართველოს” შესახებ
“მრავალეროვანი საქართველო” (PMMG) 1999 წლიდან ფუნქციონირებს და ფაქტობრივად იდგა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბების სათავეში.
PMMG არის ორგანიზაცია-ქოლგა, რომელიც უზრუნველყოფს რესურსებით მხარდაჭერას და თანამშრომლობს 18-ზე მეტი დიასპორის და 56 საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ისინი მუშაობენ ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფლებების დაცვაზე.
მოძრაობა მოქმედებს საქართველოს მასშტაბით. PMMG-ის ძირითადი საქმიანობა კონცენტრირებულია დედაქალაქსა და ხუთ რეგიონში, სადაც წარმოდგენილია ეთნიკური, ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების ფართო სპექტრი: ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, კახეთი და აჭარა.
აღნიშნულ რეგიონებში არის PMMG-ის მუდმივი წარმომადგენლობითი ოფისები. გრძელვადიან პერსპექტივაში ორგანიზაცია ცდილობს აღიაროს ტოლერანტობა და მრავალფეროვნება საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმებად.