2024 წელს ყირგიზეთმა, ისევე როგორც საქართველომ, მიიღო კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებზე კონტროლის გამკაცრებას.
ყირგიზეთის პრეზიდენტმა ამ კანონს ხელი 2024 წლის 2 აპრილს მოაწერა და ეს კანონიც, ისევე როგორც მისი ქართული ანალოგი უცხოური დაფინანსების მიმღებ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში. ამავდროულად, ყირგიზეთის სახელმწიფოს მეთაურმა დაარწმუნა საზოგადოება, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ “არ იქნება დევნა“. მაგრამ ასეა ეს?
ჟურნალისტ მაჰინურ ნიაზოვას თქმით, ყირგიზეთში არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები საქმიანობის კონტროლს ხელისუფლება ჯერ კიდევ 2022 წლამდე ცდილობდა. მანამდე სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახერხებდნენ ამ მცდელობების უკუგდებას. 2022 წლის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა გაძლიერდა და ყირგიზეთმა მაინც მიიღო ეს კანონი.
“ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ როცა ზეწოლა აქტიურ ფაზაში გადავიდა, ამას არ მოყვა მასობრივი წინააღმდეგობა.
ჩვენ ვუყურებთ საქართველოს და ამაზე ბევრჯერ ვუთხარი საკუთარ თავს, რომ ვეჭვიანობდი კიდევაც საქართველოს აქტივობაზე, თუ რამდენად ძლიერ ეწინააღმდეგებოდნენ ამას თქვენთან – უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ მსგავსი მასშტაბური აქციები ყირგიზეთში არ ყოფილა.
ბევრი წინააღმდეგობა იყო საზოგადოებაში, რადგან ეს კანონი გადაწერილი იყო რუსეთის კონონმდებლობიდან, თითქმის სიტყვასიტყვით. ამას კი მხოლოდ აღშფოთება მოყვა ჩვენ საზოგადოებაში”, – იხსენებს მაჰინურ ნიაზოვა.
უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ ყირგიზეთის მთავრობას უნდა შეემუშავებინა რეგულაციები, თუ როგორ გავრცელდებოდა კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ისევე როგორც საქართველოში, ყირგიზეთის მთავრობამ მათ გარკვეული ვადა მისცა, რათა გამოეცხადებინათ თავი “აგენტებად“.
– “მიიღეს არა როგორც კანონი, არამედ როგორც ცვლილება კანონში არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. იგი ერთხმად დამტკიცდა.
დღესდღეისობით კანონი აქტიურად არ მოქმედებს, მაგრამ ორგანიზაციებს მიეცათ ვადა, რომლის განმავლობაშიც თავად ორგანიზაციები უნდა მოვიდნენ და ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ. თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ დაჯარიმდებიან, პარალელურად ორგანიზაციების იძულებით რეგისტრაციას ახდენენ.
ბოლო ინფორმაციით, მხოლოდ სამი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული უცხოეთის წარმომადგენლად. ხელისუფლებას ჯერჯერობით არანაირი სანქციების ან ზომებისთვის არ მიუმართავს, მაგრამ ვფიქრობ, მალე დაიწყებენ. პარლამენტშიც და სამოქალაქო საზოგადოებაშიც უკვე განიხილება, რომ, დიდი ალბათობით, ამ კანონს ახალი ნორმები დაემატება და, დიდი ალბათობით, ეს მედიასაც შეეხება”, – ამბობს მაჰინური.
“ამბობენ, რომ კანონი სასიკეთოდ არის მიღებული, ხაზს უსვამენ მის უპირატესობებს, გვარწმუნებენ – ეს ხელს შეუშლის ყირგიზეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევას. თუმცა, ყველაფერი მშვენივრად გვესმის, ამას ცხადყოფს სხვა, მსგავსი გამოცდილება. მანამდეც ზოგიერთი კანონი მიიღეს იმისთვის, რომ “არავინ ჩარეულიყო ჩვენ საქმეებში”, მაგრამ საბოლოოდ ეს არასასურველ ადამიანებზე რეპრესიებისთვის გამოიყენეს.
ყირგიზეთის კანონში “აგენტებზე” პოლიტიკური აქტივობა არ არის განმარტებული. უფრო მეტიც, ნებისმიერი აქტივობა შეიძლება შეფასდეს როგორც პოლიტიკური აქტივობა.
გარემოსდაცვით საქმიანობას თუ ავიღებთ მაგალითისთვის, იგიც შეიძლება შეფასდეს პოლიტიკურ საქმიანობათ, მიუხედავად იმისა, რომ პუბლიკაციაში მხოლოდ ის წერია, თუ როგორ არ მიმართავს მთავრობა საკმარის ზომებს ნაგვის გატანაში”, – ამბობს ის.
როგორც საქართველოში, ისე ყირგიზეთში ჟურნალისტები თვლიან, რომ ეს კანონი მიმართულია განსხვავებული აზრის, კრიტიკული მედიის და სიტყვის თავისუფლების აღკვეთისაკენ. ისევე, როგორც ეს მოხდა პუტინის რუსეთში.
მაგალითად, რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკამ “უცხოური აგენტები“ მიგრანტებად აქცია. BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, 2022 წლის დასაწყისისთვის რუსეთში “უცხო აგენტად“ აღიარებული ადამიანების თითქმის ნახევარმა ქვეყანა უკვე დატოვა .