“აგენტების” კანონი, სამოქალაქო საზოგადოების ნგრევის საფრთხე და საქართველო ევროპული მომავლის გზაჯვარედინზე

“აგენტების” კანონი, სამოქალაქო საზოგადოების ნგრევის საფრთხე და საქართველო ევროპული მომავლის გზაჯვარედინზე

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) გრანტების გუნდის ლიდერი ნუკი დარასელია აკრიტიკებს “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონს, რომელიც, საფრთხეს უქმნის “არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ იმ ბენეფიციარებს, რომლის დასახმარებლადაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ”.
მაგალითად ნუკის მოჰყავს ის შშმ პირები, ფერმერები და სხვები, – “ეს კანონი “უცხოელი აგენტების” შესახებ წლების განმავლობაში ქვეყნისთვის გაწეული სამოქალაქო საზოგადოების შრომის ნგრევის გარანტიაა”, – თვლის იგი და ხაზს უსვამს გარემოებას, რომ კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს.
– “სანამ ეს კანონი მოქმედებს, საქართველო ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი”.
მისი აზრით, ეს უკანასკნელი აფერხებს ყველა იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში განიცადა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილ მიზანს — ქვეყნის ევრო-ინტეგრაციას.
მის ორგანიზაციას, GSAC-ს ჯავახეთში არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. მათი მთავარი მიზანი დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება იყო.
– “ეს პროექტები ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდებოდა. ამ კანონის პირობებში კი შესაძლოა, მსგავსი პროექტების განხორციელება შეჩერდეს”, – გვიზიარებს მოსაზრებას ნუკი დარასელია.
– “მოსალოდნელია შეფერხება საერთაშორისო დონორების მხრიდანაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროექტები ფოკუსირებულია სოციალური საკითხების გადაჭრაზე, მათ, ვინც ამ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ, ახლა მიაკერებენ იარლიყს, თითქოს ეს არის უცხოური გავლენის გავრცელება. ამან კი შესაძლოა უარყოფითად იმოქმედებს იმ დონორებზე, რომლებიც აფინანსებენ მსგავს პროექტებს”.
მიუხედავად ამ ბარიერებისა, დარასელია დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები გააგრძელებენ მხარდაჭერას, რადგან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ძალიან აქტიურია და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ქვეყნის განვითარებაზე.

– “როდესაც სამოქალაქო სექტორი კრიზისშია, დონორები ყოველთვის პოულობენ გზებს, რომ მხარი დაგიჭირონ”.
დარასელია მოუწოდებს არასამთავრობო სექტორს, ემსახურონ იდეას და გააგრძელონ მუშაობა, მიუხედავად ფინანსური და ადმინისტრაციული სირთულეებისა.
– “ჩვენ არასამთავრობო სექტორში მომუშავე ადამიანები იდეისთვის ვმუშაობთ, რათა ჩვენი მოსახლეობა ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრობდეს. უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა, რადგან სასიკეთო საქმე, რომელსაც წლების განმავლობაში ვემსახურებით, არ უნდა შეწყდეს”.
“უცხოური აგენტების გამჭვირვალობის კანონი” – “რუსული კანონი”
“უცხოური აგენტების” შესახებ კანონი პირველად 2012 წელს რუსეთში მიიღეს და ის პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას.
ამჯერად საქართველოში მსგავსი კანონი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების აგენტებად დარეგისტრირებას სპეციალურ სახელმწიფო რეესტრში. ეს კი მათი საქმიანობას სტიგმატიზირებას ახდენს.
ეს სახელმწიფო მექანიზმი გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების დამორჩილებისთვის, მის მიმართ უნდობლობის გაღვივებისთვის. საქართველოსთვის ამ კანონის მიღება იგივე შედეგს მოიტანს, რაც რუსეთში სამოქალაქო სექტორის დათრგუნვის შემთხვევაში მოხდა — დისკრედიტაცია, ფინანსური სირთულეები და რეპრესიული პოლიტიკის გატარება.