“ინდიგოს” ჟურნალისტი და მრავალი ვიდეოს ავტორი გვანცა ნადიბაიძე აქტიურად მუშაობს თავისუფალი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით და არ მალავს შფოთვას “უცხო აგენტების შესახებ კანონის” გავლენაზე. გვანცა თვლის, რომ მისი მიღება საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.
– “‘რუსული კანონი’ წარმოადგენს საფრთხეს, რაც პირადად ამ სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ფართო საზოგადოებასაც შეეხება. რუსული კანონის მთავარი საფრთხე კი ის არის, რომ წნეხი მოემართება ხელისუფლებიდან. მათ სურთ გაქრეს საზოგადოებრივი ორგანიზაციები და თავისუფალი მედია. ეს არის სივრცე სადაც ძალიან ბევრი რამე კეთდება ამ ქვეყნისთვის”.
მისი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დისკრიმინაციული ასპექტია კანონში სახელმწიფოს მიერ თავად დეფინიცია – “შენ ხარ უცხო ქვეყნის აგენტი”.
– “არც კი არის დაკონკრეტებული რომელ უცხო ქვეყნებზეა საუბარი. დღეს თავისუფალი მედიის არსებობა შესაძლოა ფონდების, მათი გრანტების და პროგრამების ხარჯზე. არის შანსი რომ ამ ორგანიზაციებმა უარი თქვან თანამშრომლობაზე. თუ კი ეს მოხდა, არსებობს საფრთხე რომ უბრალოდ შეგვეზღუდოს არსებობა, ვინაიდან არანაირი რესურსი აღარ გვექნება რათა ვიარსებოთ მედია-სივრცეში”, – აღნიშნავს გვანცა.
მისი თქმით, ეს კანონი პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს არა მხოლოდ მედიაზე, არამედ მოქალაქეების უფლებებზე, განსაკუთრებით მათზე, ვინც იღებს დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციებიდან:
– “ეს კანონი აისახება იმ ადამიანებზეც კი, რომლებსაც არანაირი შემხებლობა არ აქვთ არც მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მაგალითად, მე თუ ვარ შშმ პირი და როგორც ბენეფიციარი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციისგან მივიღე მომსახურება, სახელმწიფოს ეძლევა საშუალება ამ ადამიანზე მოითხოვოს პირადი ინფორმაცია. ამიტომ ამ პირებმა შეიძლება უბრალოდ გაწყვიტონ ურთიერთობა მსგავს ორგანიზაციებთან და ვეღარ მიიღონ მომსახურება – მათ არ ენდომებათ პირადი ინფორმაციის გასაჯაროება”.
გვანცა ნადიბაიძე მიიჩნევს, რომ ამ კანონის პირობებში თავისუფალ მედიას, იმის ნაცვლად რომ გააშუქოს მოვლენები, მოუწევს ფიქრი იმაზე, როგორ გადარჩეს. მედია რესურსების და დროის მნიშვნელოვან ნაწილს დახარჯავს ხელოვნურად შექმნილ დაბრკოლებებთან გამკლავებაზე.
– “რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – დემოკრატიულ ქვეყანაში სახელმწიფომ არ უნდა შეუქმნას არსებობის საფრთხე მედიაორგანიზაციებს”.
კანონი ‘უცხო აგენტების’ შესახებ – მისი მიღებით საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, სადაც მსგავს საკანონმდებლო აქტებს იყენებენ დემოკრატიული პროცესების შესაზღუდად. კანონი გულისხმობს, რომ ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც იღებს დაფინანსებას უცხო ქვეყნიდან, მიენიჭოს აგენტის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ მათ საჯაროდ და დეტალურად უნდა გაამჟღავნონ არა მხოლოდ ფინანსური წყაროები, არამედ ბენეფიციარებიც.