“რუსული კანონი” დემოკრატიის წინააღმდეგ – საფრთხეები სამოქალაქო სექტორში

“რუსული კანონი” დემოკრატიის წინააღმდეგ – საფრთხეები სამოქალაქო სექტორში

აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობის თემის თანადამფუძნებელი გიორგი რიჟვაძე “რუსული კანონის” საფრთხეებზე საუბრობს და განმარტავს, თუ რატომ არ შეესაბამება ეს კანონი საქართველოს დემოკრატიულ ღირებულებებს. მისი თქმით, კანონპროექტი არა გამჭვირვალობას, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვას და საზოგადოების პოლარიზაციას უწყობს ხელს. მისი თქმით, ეს კანონი რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მნიშვნელოვნად დააზიანებს.
გიორგი რიჟვაძეს თქმით, პირველ რიგში ეს კანონი მიუღებელია საქართველოს საზოგადოებისთვის, რაც გამოიხატა მასობრივ დემონსტრაციებსა და საზოგადოების უკმაყოფილებაში. რიჟვაძის აზრით, ეს კანონპროექტი შუსაბამოა საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს.
რიჟვაძის თქმით, კანონის პირველი პრობლემა თავად მისი შინაარსია, რომელიც უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობას კი არ უწყობს ხელს, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის გამოიყენება. ის აღნიშნავს, რომ კანონი “აგენტის” სტატუსის მიკუთვნებით ცდილობს არასამთავრობო სექტორი ეჭვმიტანილებად წარმოაჩინოს საზოგადოებაში, რაც უარყოფითად აისახება ორგანიზაციებზე, რომლებიც დასავლური ფონდებიდან იღებენ დაფინანსებას.
– “ამით, ფაქტობრივად, ჩვენი სახელმწიფო დასავლეთსაც ისეთივე საფრთხედ აღიქვამს, როგორიც რუსეთია, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და ჩვენ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზებს ინარჩუნებს. ეს მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის გზას და კავშირს დასავლელ პარტნიორებთან”, – აცხადებს რიჟვაძე.
მისი თქმით, კანონპროექტი შეუსაბამოა ევროკავშირის სტანდარტებთან. ამაზე არაერთგზის აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლები და აშშ-ს ოფიციალური პირები.
გიორგი “სოლიდარობის თემში” მუშაობს, რომელიც აჭარაში სხვადასხვა სოციალურ და ადამიანის უფლებათა დაცვითი პროექტებს ახორციელებს. ეს პროექტები ადგილობრივ მოსახლეობას მრავალმხრივ მხარდაჭერას უწევს.
– “ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ახალგაზრდებისთვის განათლების ხელშეწყობას, ქალებისთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებს და მუსლიმი თემისთვის ადვოკატირების კამპანიებს. ეს დახმარებები უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, თუმცა ეს კანონი ამ მხარდაჭერას მნიშვნელოვნად შეაფერხებს”, – განმარტავს ის.
გიორგი რიჟვაძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ კანონპროექტი სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობას კიდევ უფრო ართულებს. მისი აზრით, “რუსული კანონი” სამოქალაქო ორგანიზაციებს სახელმწიფოსთან თანამშრომლობის შანსს უკარგავს და ამით კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციას.
– “ადამიანებს სურთ იცხოვრონ ქვეყანაში, სადაც მათი უფლებები დაცულია და თავისუფლად შეუძლიათ ამაზე საუბარი. ამ კანონის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების დაყოფა და წინააღმდეგობების გაღვივება”, – აღნიშნავს რიჟვაძე.