GIPA Media Lab არის მულტიმედია ტრენინგების პროგრამა, რომელიც 2017 წლიდან ფუნქციონირებს და ახალგაზრდებს ციფრული კომუნიკაციის უნარებს უყალიბებს, რათა საკუთარი ამბები საზოგადოებას გააცნონ. პროექტის ფარგლებში, GIPA-ს გუნდი ჯავახეთში და ქვემო-ქართლის რეგიონებში 13-20 წლის ახალგაზრდებს ციფრული ფოტოგრაფიის, ვიდეოგადაღების, და მულტიმედია პლატფორმების გამოყენების უნარებს ასწავლის, რაც მათ რეგიონებში კომუნიკაციის გასაძლიერებლად და სხვადასხვა საკითხების დასამუშავებლად ეხმარება.
GIPA-ს ლექტორი და პროგრამის ხელმძღვანელი ნინო მახვილაძე განმარტავს, რომ საზოგადოებაში ცნობლი “რუსული კანონი” ემუქრება ახალგაზრდების სამომავლო განათლებას.
– “ეს არ არის აშშ-ს მიერ დაფინანსებული პროექტი. იდეა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა, თავადვე მოვიფიქრეთ და აშშ საელჩოს მივმართეთ დაფინანსებისათვის”, – ამბობს ნინო მახვილაძე, პროგრამის ხელმძღვანელი და GIPA-ს ლექტორი.
პროექტის დაწყება დაკავშირებული იყო GIPA-ს სურვილთან, რათა ცოდნა და გამოცდილება რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც გაეზიარებინა, რომლებიც ფინანსურად ვერ ახერხებენ უნივერსიტეტში ჩამოსვლას.
მონაწილეები სწავლობენ ციფრულ ტექნოლოგიებს, ქმნიან დოკუმენტურ ფილმებს და მულტიმედია პროექტებს, რომლებიც მათ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.
– “ჩვენმა ერთ-ერთმა მონაწილემ, სევაკმა სოფელ ხორენიაში წყლის პრობლემაზე შექმნა პროექტი, შემდეგ ამ თავისი ფილმის პრეზენტაცია გააკეთა სოფლელების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის და მათ ეს პრობლემა მალევე მოაგვარეს”, – აღნიშნავს მახვილაძე.
პროექტი, რომელიც უკვე 500-ზე მეტ ახალგაზრდას დაეხმარა, მონაწილეებს არა მხოლოდ პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს, არამედ სამომავლო კარიერაშიც ხელს უწყობს. მონაწილეთა შორის ბევრმა რეგიონებში საკუთარი ფოტო სტუდია გახსნა, ზოგმა ქორწილების გადაღებაში მოიპოვა წარმატება, ზოგმა კი ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა.
ახალი კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მიღების გამჭვირვალობას გულისხმობს, პროექტის ბენეფიციარებსა და ტრენერებს ისეთ იარლიყს აკერებს, რომელიც მათთვის შეურაცხმყოფელია. მახვილაძე მიიჩნევს, რომ კანონი პროექტის თანამშრომლებს და მონაწილეებს დისკომფორტს უქმნის, ვინაიდან იგი მათგან პირადი ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნებასაც მოითხოვს. ამასთან, მახვილაძის თქმით, კანონი სრულიად შეუფერებელია ისეთი პროექტისთვის, რომლის მიზანიც ქვეყნის ინტერესების დაცვა და ახალგაზრდების გაძლიერებაა.
– “ეს კანონი პროექტს არაფერ სარგებელს არ მოუტანს, სამაგიეროდ დააზიანებს, შესაძლოა, პროექტი შეჩერდეს კიდეც”, – ამბობს ის.
ლუსინე ნურჯანიანი, ‘მედიალაბის’ ერთ-ერთი კურსდამთავრებული, რომელმაც GIPA-ს საბაკალავრო პროგრამაზე სტიპენდია მიიღო და ახლა აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტია, აღნიშნავს, რომ მედიალაბში მონაწილეობამ მას კარიერული წინსვლა და პიროვნული განვითარება შესთავაზა.
– “ამ სტიპენდიის გარეშე, ალბათ არასდროს ჩავაბარებდი GIPA-ში”, – აცხადებს ნურჯანიანი.
GIPA Media Lab, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებდა რეგიონებში ახალგაზრდების მულტიმედია განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ახლა ახალი კანონის ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი ცოდნის გადაცემისა და პროფესიული განვითარების ეს შანსი შესაძლოა მომავალში შეიზღუდოს, რაც რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდების პერსპექტივას მნიშვნელოვნად დააზარალებს.
უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონი
უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის გაზაფხულზე მიიღო, მიზნად ისახავს, გაამკაცროს კონტროლი იმ ორგანიზაციებსა და პროექტებზე, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ. კანონის მოთხოვნები ითვალისწინებს დაფინანსების, თანამშრომლების მონაცემების საჯარო გახსნას, რაც ხშირად პირადი ინფორმაციის გამჟღავნებასაც გულისხმობს. კანონის კრიტიკოსები შიშობენ, რომ ეს რეგულაცია შესაძლოა უარყოფითად აისახოს ისეთ პროექტებზე, რომლებიც ადგილობრივ საზოგადოებას ეხმარება.