ანდრანიკ მინასიან – მინასიანის იურიდიული კომპანიის დამფუძნებელი დირექტორი და ადვოკატი, დეტალურად ხსნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ” კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებსა და იმ საკითხებს, რაც მისი აზრით პრაქტიკაში მნიშვნელოვან გამოწვევად მოიაზრება. ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო არის უცხოური ძალა, კანონის თანახმად განიხილება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ და ეკისრება გარკვეული ვალდებულებები.
ვინ არის უცხოური ძალა?
ანდრანიკ მინასიანი განმარტავს, რომ “უცხოური ძალა ამ კანონის თანახმად არის უცხო ქვეყნის ხელისუფლება, მისი სტრუქტურები და უცხოეთში რეგისტრირებული ორგანიზაციები, თუნდაც მათ საქართველოში ფილიალები ჰქოდეთ დაფუძნებული. ასევე, ამ კანონის თანახმად უცხოური ძალა არის ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის, თუნდაც მუდმივი ბინადრობის ნებართვით საქართველოში მცხოვრები იყოს”.
რომელი ორგანიზაციები მიიჩნევიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელად?
კანონი ოთხი ტიპის ორგანიზაციას განსაზღრავს, რომლებსაც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად მიიჩნევს. ეს ორგანიზაციები კი პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად გავაერთიანოთ: არასამთავრობო ორგანიზაციები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.
1. არასამთავრობო ორგანიზაციებს ეს წესი ეხებათ, თუ მათი მთლიანი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა. მინასიანი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რადგან მათი ძირითადი დაფინანსება სწორედ უცხოური დონორებისგან მოდის.
„საინტერესოა, რომ კანონი ყველა არასამეწარმეო იურიდიულ პირზე არ ვრცელდება. მაგალითად, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები, სპორტული ფედერაციები ან სისხლის ბანკები, მიუხედავად უცხოური ძალისგან მიღებული დაფინანსების მოცულობისა, ინტერესების გამტარებელად არ განიხილებიან“ – განმარტავს მინასიანი.
2. “კანონი ვრცელდება ფაქტობრივად ყველა ტიპის მასობრივი ინფორმაციის საშუალებაზე, როგორიცაა ტელევიზიები, რადიოები და ბეჭდური საშუალებები. კანონი ასევე ვრცელდება ინტერნეტ მედიაზე, თუ იგი საქართველოს სახელმწიფო ენაზე ავრცელებს მასობრივი ინფორმაციას. თუ ამ ორგანიზაციების მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, მათაც შეეხებათ ეს რეგულაციები,“ – აღნიშნავს ადვოკატი.
ყველა ორგანიზაცია, რომელიც მიჩნეული იქნება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად, ვალდებულია განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირდეს და გამოაქვეყნოს თავისი საფინანსო დეკლარაცია.
„კანონი საფინანსო დეკლარაციების ყოველწლიურად წარმოდგენას ითვალისწინებს, სადაც მითითებული იქნება, თუ როდის და რა რაოდენობის ფინანსები მიიღო ორგანიზაციამ, ვისგან, რა მიზნით და როდის, რა რაოდენობით, სად და რა მიზნით დახარჯა ისინი,“ – აღნიშნავს ადვოკატი.
თუ ორგანიზაცია დააკმაყოფილებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, მაშინ მისი რეგისტრაცია შესაბამის რეესტრში სავალდებულოა და თუ ეს არ მოხდება, კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმები.
მინასიანის განმარტებით, კანონით განსაზღვრული ფინანსური ჯარიმები მერყეობს 10 000 ლარიდან 25 000 ლარამდე, ხოლო თუ ფიზიკური პირი არ შეასრულებს წესებს და არ წარადგენს მისგან მოთხოვნილ ინფორმაციას, მაშინ მას 5000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება.
აღსანიშნავია, რომ ჯარიმის ჯერადობა შემოფარგლული არ არის და დარღვევის გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა ერთსა და იმავე პირის რამდენიმეჯერ დაჯარიმება მოხდეს.
კანონი ასევე ვრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც ასეთ ორგანიზაციებში მუშაობს ან უწევს მათ მომსახურებას, რადგან მისი პერსონალური მონაცემები, მათ შორის მისი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ყველასათვის საჯარო გახდება.
კანონით შეიქმნა სპეციალური მონიტორინგის სამსახური, რომელსაც მიენიჭა კანონის შესრულების კონტროლის და დამრღვევის პირების დასჯის უფლებამოსილება. „კანონში მოცემული რეგულაციების მიხედვით, თუ მონიტორინგის სამსახურმა პირისგან მოითხოვა ინფორმაცია და არ მიიღო, მაშინ შეიძლება იგი დააჯარიმოს. ასეთ დროს არსებობს რისკი, რომ სამსახურმა დააჯარიმოს ისეთი პირებიც, რომლებსაც უბრალოდ არ გააჩნიათ მოთხოვნილი ინფორმაცია, მაგრამ მონიტორინგის სამსახურს მათი არ “სჯერა”,“ – აღნიშნავს მინასიანი. ყურადსაღებია, რომ მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის პირადი ცხოვრების შესახებ მონაცემები.
“ნებისმიერი ინფორმაცია – ნებისმიერი კატეგორიის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, მაგალითად, ინტიმური ცხოვრების შესახებ მონაცემები, მონაცემები პირის რწმენის, რელიგიის, პოლიტიკურ შეხედულებების შესახებ და ა.შ. ერთადერთი გამონაკლისი არის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია,” აღნიშნავს მინასიანი.
„დღესდღეობით კანონი სრულად ძალაშია შესული და მისი ყველა მუხლი მოქმედებს,“ – დაასკვნის მინასიანი.
ეს კანონი პირდაპირ ვრცელდება როგორც არასამთავრობო სექტორზე, ისე მედიაზე, რაც დისკუსიის საგნად რჩება საქართველოში.
2024 წლის 28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ,“ რომელსაც მოქალაქეები „რუსულ კანონად“ მოიხსენიებენ. ოფიციალურად კანონი მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციების რეგულირებას და მათი ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, რასაც კრიტიკულად აფასებენ სამოქალაქო სექტორში და ამობენ, რომ კანონი რეალურად მიზნად ისახავს სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის ჩახშობას.