ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გათბობის საკითხი კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. რეგიონში, სადაც გაზიფიკაცია არ არის განხორციელებული, ადგილობრივი მოსახლეობა გათბობისთვის შეშას, ნახშირს და წივას იყენებს. სირთულეებს აქ არამხოლოდ საწვავის მაღალი ფასი ქმნის, არამედ იმ რესურსებისა და შრომის დანახარჯები, რომლებიც ამ პროცესებს თან ახლავს.
ნინოწმინდის ისეთ სოფლებში, როგორიცაა სამება, ჟდანოვი, ეფრემოვკა, გორელოვკა, ორლოვკა, ფარვანა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა და ახალი ხულგუმო, გათბობისთვის ძირითადად შეშა, ნახშირი და წივა გამოიყენება. თუმცა, ეს რესურსები არც ეკონომიურია და არც მარტივადაა ხელმისაწვდომი.რადიო NOR-მა გაარკვია თუ რა უჯდება მოსახლეობას ზამთრისთვის მომზადება.
4.50 კუბური მეტრი წიფელა 1200 ლარს უტოლდება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სერიოზული ხარჯია.
1- ტონა ნახშირის ფასი კი 350 ლარს შეადგენს. გათბობის ყველაზე ხელმისაწვდომი მეთოდი წივის გამოყენებაა, მაგრამ მისი დამზადებაც დაკავშირებულია დამატებით შრომასთან და ხარჯებთან. მუშების შრომის ღირებულება 10-15 ლარს შეადგენს, ხოლო ტრაქტორის მომსახურება საათში 30 ლარია. ამასთან, წივის გასაშრობად საჭირო ხდება მთელი ზაფხულის განმავლობაში მზიან ამინდებზე დამოკიდებულება.
მოსახლეობა, რომლისთვისაც ყოველწლიური ზამთრის სეზონი მუდმივი გამოწვევაა, აცხადებს, რომ ურჩევნიათ თვეში 500 ლარი გადაიხადონ გაზის საფასურში, ვიდრე დღევანდელი სირთულეები გადაიტანონ.
“წივის გაშრობა რთული პროცესია. მთელი ზაფხული ამ საქმეში ვართ ჩართული. თუ ამინდები არ დაემთხვა, ვერ ვახერხებთ გაშრობას და ზამთარში უბრალოდ ვიყინებით,” – აცხადებენ ადგილობრივები.
ნინოწმინდის სოფლების მოსახლეობის ყოველდღიური ბრძოლა საწვავისთვის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს,რომ გაზიფიკაციის არქონა ამ სოფლების მოსახლეობას მძიმე პირობებში ამყოფებს.რადიო NOR-მა არაერთხელ დაწერა და გააშუქა გაზიფიცირების პრობლემა ნინოწმინდის სოფლებში,მაგრამ ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელი დარჩა.იხილეთ ჩვენი ძველი მასალები.
იქნება თუ არა წელს გაზი ნინოწმინდის 8 სოფელში
სად და როდის განხორციელდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება 2022 წელს?
ცხოვრება ბუნებრივი აირის გარეშე: ზამთრის რთული რუტინა