ირმა ქორთუა 1994 წლიდან აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
“პირველად რომ დავიწყე არასამთავრობო სექტორში მუშაობა, საქართველოში ძალიან მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გარემო იყო”, – იხსენებს ირმა. იმ პერიოდში ქვეყანა სამოქალაქო ომის და პოლიტიკური კრიზისის შედეგად გაჩენილ მძიმე ვითარებას ებრძოდა.
“მაშინ ევროპის ქვეყნების და ამერიკის ფინანსური მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. სწორედ მათი დახმარებით შევძელით, როგორც ერი, თუნდაც ფიზიკურად გადავრჩენილიყავით.
ვურიგებდით საკვებს ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობას, ვხსნიდით უფასო სასადილოებს, ვახორციელებდით გზების, ხიდების, სკოლების, ბაღების და ამბულატორიების რეაბილიტაციას, ვატარებდით სხვადასხვა სახის უფასო სწავლებებს და გავცემდით გრანტებს მცირე ბიზნესის დასაწყებად. თუმცა, ფინანსური დახმარება მხოლოდ ერთი ნაწილი იყო. ამ პერიოდში უმნიშვნელოვანესი იყო არასამთავრობო სექტორის ჩამოყალიბება, როგორც ფუნდამენტი დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების”, – აღნიშნავს ის.
მისი სიტყვებით, მესამე სექტორის საქმიანობა შეეხებოდა როგორც მოქალაქეთა უფლებების დაცვას, ასევე სხვადასხვა ადვოკატირების პროექტების განხორციელებას.
ქალბატონი ირმა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ახალ კანონზე, რომელიც, მისი შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციების დასუსტებას ისახავს მიზნად.
“ხელისუფალს ეშინია ძლიერი არასამთავრობო სექტორის, როგორც ოპონენტის, რომელსაც შეუძლია ხალხის ინტერესების დაცვა და განათლების ხელშეწყობა. განათლებული მოქალაქეები მარტივად ვერ მოატყუებ და ვერ მართავ”, – განმარტავს ირმა ქორთუა.
მისი თქმით, ეს კანონი წარმოადგენს ანტიდემოკრატიული პროცესების დასაწყისს, რაც ევროინტეგრაციის კურსის გადახვევის მკაფიო ნიშანია.
ირმა ქორთუა ახალგაზრდების მიმართ დიდი იმედით არის განწყობილი. მისი შეფასებით, ახალგაზრდები უფრო გაცნობიერებულები არიან, თუ რას კარგავს საქართველო ევროინტეგრაციის შეჩერებით: ”დღეს საოცრად განათლებული და მოაზროვნე ახალგაზრდობა გვყავს. მათ ადვილად ვერ მოატყუებ და ვერ მოატრიალებ. ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რას ნიშნავს ეს პროცესი, მინდა ვუთხრა: პროგრესის, თავისუფლების და განვითარებული საზოგადოების შანსს ვკარგავთ. ვკარგავთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობას, სადაც ყველას უფლებები დაცულია და ყველა თანასწორია კანონის წინაშე”.
მისივე თქმით, მიუხედავად ახალგაზრდებში არჩევნებისადმი რწმენის შერყევისა, მათი უმრავლესობა მზად არის, ბრძოლა გააგრძელოს დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად.
“ხელისუფლებამ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა. მოქალაქეები თვითორგანიზებას იწყებენ და ქუჩაში იბრძვიან სამართლიანობისთვის. ახალგაზრდობა არ შეეგუება მომავალს, რომელსაც ეს ხელისუფლება სთავაზობს. ჩვენს ქვეყანას ევროპული მომავალი აქვს და ამ გზას ვერავინ გადაუხვევს. მხოლოდ ერთობით და სიმტკიცით შევძლებთ დემოკრატიული ღირებულებების დაცვას”, – ამბობს ირმა ქორთუა.