საქართველოს ევროპული კურსი და მოქალაქეთა პროტესტი – თათია ყრუაშვილი

საქართველოს ევროპული კურსი და მოქალაქეთა პროტესტი – თათია ყრუაშვილი

თათია ყურაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. თუმცა, ეს არ აღმოჩნდა მისი ერთადერთი გზა. მოგვიანებით, თათიამ ბაკალავრის ხარისხი ხელოვნებაში, პედაგოგიკის განხრით, ფრაიბურგში მიიღო, სადაც პოპულარული მუსიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.
მისი მრავალმხრივი განათლება და გამოცდილება გახდა საფუძველი მისი წარმატებული კარიერისთვის, როგორც მომღერალს, სიმღერების ავტორს, მუსიკალურ პროდიუსერს და სკოლამდელი მუსიკალური განათლების პედაგოგს.
– ”ევროპიდან შემოსული ფინანსური და ინსტიტუციური მხარდაჭერა საქართველოში მნიშვნელოვანი როლის მატარებელია, განსაკუთრებით შშმ პირებისთვის, განათლების სფეროს განვითარებისთვის და რეგიონებში სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებისთვის.
გაცვლითი პროგრამები, ტრენინგები და არაფორმალური განათლების შესაძლებლობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომელთაც წარსულში იზოლაციის მძიმე გამოცდილება ჰქონდათ. უცხოეთში სწავლა მათ შესაძლებლობას აძლევს, არა მხოლოდ ცოდნა მიიღონ, არამედ მსოფლიოს გაახედონ თვალები, გააფართოონ ჰორიზონტები და იქ შეძენილი უნარებით საკუთარი ქვეყნის განვითარებაში შეიტანონ წვლილი.
სამოქალაქო სექტორისთვის ერთ-ერთ დიდ გამოწვევას წარმოადგენს “გამჭვირვალეობის კანონი”, რომელიც არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას აიძულებს, “აგენტებად” დარეგისტრირდეს. ეს არ არის მხოლოდ ბიუროკრატიული წნეხი, არამედ ის საფრთხე, რომელიც უარყოფითად აისახება ათასობით ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების, პროგრამებსა და პროექტებზე.
ეს კანონი, ფაქტობრივად, ხელს უშლის სამოქალაქო სექტორის ფუნქციონირებას და შეუქცევად ზიანს აყენებს დემოკრატიულ პროცესებს. შედეგად, ქვეყანაში ინტელექტუალური რესურსების გადინება გარდაუვალია.
ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები აშკარად მიუთითებს ქვეყნის იზოლაციის საფრთხეზე. ის, თუ როგორ არბევენ აქციებს და ხალხის ხმას ახშობენ, რუსეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას უფრო ჰგავს, ვიდრე დემოკრატიულ პროცესს. სამწუხაროა, რომ პოლიცია ამ ძალადობრივი სისტემის მთავარ ბერკეტად იქცა.
ახალგაზრდები, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ხელისუფლების მხრიდან ცილისწამების სამიზნედ იქცნენ.
გამოსავალი მხოლოდ ხელახალი არჩევნებია, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ კურსს და ის შანსი, რომელიც ევროპის ქვეყნებმა მოგვცეს, არ დავკარგოთ. ევროპული ინტეგრაცია ჩვენი მომავალია, რომლის გარეშეც საქართველო ვერ განვითარდება.
საქართველოს ბევრი მატერიალური და არამატერიალური სიკეთე აქვს ევროპიდან. ეს ჩვენ ჰაერივით გვჭირდება. ამათთან უკვე ვერანაირი დიალოგის გზას ვერ ვხედავ. რასაც ახლა აკეთებენ და რა ფორმითაც არბევენ აქციებს, ეს არის რუსეთში დაგეგმილი სპეცოპერაცია შენივე ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ, უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და ქვეყანა დაუბრუნდეს თავის ევროპულ კურსს.
არ უნდა დავკარგოთ ის შანსი, რომ ევროპის ქვეყნები მზად არიან ჩვენთან ერთად საქართველოს ინტეგრაციაზე იმუშაონ. ყველა, ვინც ეხმარება ამ ფაშისტური რეპრესიული რეჟიმის დამყარებაში, არასწორ მხარეს არიან.
სხვადასხვა ევროპულ ქალაქებში, მათ შორის ბერლინშიც, უამრავი აქცია ტარდებოდა. იქ ძალიან აქტიურები არიან ემიგრანტები, ბევრი ჩამოდის საქართველოში.
ახლა თბილისში ჩამოვედი და აქციაზე დავდექი, რადგან ძალიან გაბრაზებული ვარ და არ შემეძლო ამ ყველაფრის შორიდან ყურება.
ახალგაზრდები სიცოცხლის და თავისუფლების რისკის ფასად იცავენ ევროპულ მომავალს. სამწუხაროა, რომ შემდეგ ჩვენზე ამბობენ, თითქოს პოლიციას თავს ვესხმით და ნაგვის ურნებს ვესვრით. პოლიცია თვითონ არის ის, ვინც ამ არალეგიტიმურ ფაშისტურ მთავრობას ზურგს უმაგრებს.
აქ თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ეს არის თვითონ პოლიცია და არა მოქალაქეები.
სკოლამდელი განათლება ის ფუნდამენტია, რომელზეც ადამიანის განვითარების პირველი ნაბიჯები იდება. საქართველოში მასწავლებლებისა და აღმზრდელების ანაზღაურება იმდენად დაბალია, რომ გული მიკვდება ამაზე რომ ვფიქრობ. მაგალითად, ევროპაში, კერძოდ გერმანიაში, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ბევრად უფრო ხელსაყრელ პირობებში მუშაობენ. სახელმწიფო არა მხოლოდ მაღალ ხელფასებს უზრუნველყოფს, არამედ სთავაზობს კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროექტების დაფინანსების პროგრამებს.
მაგალითად, კოვიდ-პანდემიის დროს 5’000 და 10’000 ევროს ოდენობით დაფინანსებები მივიღე პროექტებისთვის. ეს ყველაფერი ცხადყოფს, თუ როგორი მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, რაც სამწუხაროდ საქართველოში ნაკლებად იგრძნობა”.