ანნა ვახტანგაძე , ტელეკომპანია „ფორმულას“ ვებ-ჟურნალისტია.ის ჟურნალისტიკაში 2015 წლიდან მუშაობს.
– ‘’ჩვენი მედია არ არის რეგისტრირებული ამ კანონის პირობებში, თუმცა მენეჯმენტს მტკიცე პოზიცია აქვს – ის არ დაემორჩილება ამ კანონს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი ჯერ ძალაში არ შესულა, მისი ძირითადი მიზანი უკვე ცხადია. ის მიმართულია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, რაც საბოლოოდ საფრთხეს უქმნის თავისუფალი სიტყვის არსებობას ქვეყანაში.სტიგმა ამ კანონის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. კანონიც კი ძალაში შესული არ იყო, უკვე „აგენტებს“ ეძახდნენ ჟურნალისტებს და მედიაორგანიზაციებს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი. ეს ტერმინი ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლის და დაშინების იარაღია, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებაში კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების დისკრედიტაციას. ეს ნაბიჯი პირდაპირ ემსახურება კრიტიკული მედიის ჩამოშლას და საზოგადოებრივი აზრის კონტროლის გაძლიერებას.კანონი განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის მედიაორგანიზაციების ფინანსურ მდგრადობას. ის ცდილობს დაუცველ მდგომარეობაში ჩააყენოს ის მედიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დონორების მხარდაჭერაზე არიან დამოკიდებულები. მაგალითად, მოითხოვენ დეტალურ ინფორმაციას თანამშრომლების, პარტნიორების და იმ ადამიანების შესახებაც კი, ვისთანაც მედიას ოდესმე ჰქონია თანამშრომლობა. ეს ერთგვარი დაშინების ხერხია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების ინტერესის შეზღუდვას არასამთავრობო სექტორში მუშაობის ან მედიასთან თანამშრომლობის მიმართ. ეს კანონი მხოლოდ დასაწყისია. მისი მიზანი ფინანსური გამჭვირვალობა არ არის. ეს არის სერიოზული მცდელობა, დააკომპრომეტირონ მედიაორგანიზაციები და შექმნან ახალი ტერმინოლოგია – „უცხო აგენტი“ – რომელიც პირდაპირ სცემს იმ ჯგუფებს, რომლებიც უკვე ისედაც ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. ეს ტერმინი ხელს უწყობს სტიგმის გაღრმავებას და ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმად იქცევა.რუსეთის მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, როგორ შეიძლება მსგავსი კანონი გავრცელდეს. იქ ყველაფერი იგივე სქემით დაიწყო, ხოლო დღეს უკვე ბლოგერებსაც კი „აგენტებად“ აცხადებენ, თუ ისინი საერთაშორისო დაფინანსებას იღებენ. მედიაორგანიზაციები, რომლებიც აგენტების რეესტრში არიან შეყვანილები, ვეღარ ახორციელებენ რეკლამას, ვერ იღებენ მონაწილეობას საზოგადოებრივ პროცესებში, მათ შორის არჩევნებში.საქართველოში ეს კანონი შეიძლება გახდეს ძლიერი ინსტრუმენტი, რათა კრიტიკულ მედიას გაუჩნდეს სერიოზული ფინანსური პრობლემები. ეს არ არის მხოლოდ მედიის პრობლემა – ეს არის საფრთხე ქვეყნის დემოკრატიისთვის.საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლა მათი უფლებების დაცვასაც ნიშნავს. მედიის დისკრედიტაცია და ზეწოლა მხოლოდ დასაწყისია. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, თავისუფალი სიტყვისთვის სივრცე სრულად შემცირდება, რაც საბოლოოდ ყველა მოქალაქეზე იმოქმედებს.