სოფელი ფარავანი, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, დღემდე გაზიფიცირების გარეშეა, რაც სოფლის მცხოვრებლებს ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ურთულებს. ეს მაღალმთიანი სოფელი განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ვარდება ზამთარში, როცა ძლიერი ქარბუქებისა და გადაკეტილი გზების გამო ცივილიზაციისგან პრაქტიკულად იზოლირებული ხდება.სოფელი საქართველოში არსებული ყველაზე დიდი ტბის პირას,ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს.
სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, რომელიც ანონიმურობის პირობით გვესაუბრა.
-”ფაქტობრივად საწვავის გარეშე დავრჩი. შეშა ცოტა მაქვს, წივაც აღარ დამრჩა. ცოტა ხნის წინ შეშა მოიტანეს და 600 ლარი მომთხოვეს, რაც ვერ გადავიხადე. ჩემი პენსია 380 ლარია, ეს თანხა საჭმელში დავხარჯო თუ შეშაში – აღარ ვიცი. გაზის არქონა ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა. ყოველ წელს გვპირდებიან,მაგრამ როდის იქნება, არავინ იცის.
გაზიფიცირების არარსებობა მარტო ყოველდღიურ ცხოვრებას არ ართულებს, არამედ პირდაპირ გავლენას ახდენს სოფლის საბავშვო ბაღსა და სკოლაზე, სადაც ზამთარში ბავშვები სიცივის გამო ხშირად ავადმყოფობენ.
ადგილობრივებს ხშირად უწევთ შეშისა და წივის ალტერნატიული გზების ძებნა, მაგრამ არც ეს არის იაფი. ბრეზენტი, რომლითაც ხალხი წივას ინახავს, ხშირად იხევა და სველდება, რის გამოც წივა უვარგისი ხდება.სოფლის მოსახლეობის დიდი დრო მიაქვს ღუმელის ანთებასა და მის მოვლაში, რაც სხვაგვარად შეიძლება სოფლის სხვა სამუშაოებისთვის გამოიყენონ.
-”გაზი რომ გვქონდეს, ჩვენი დროც დაიზოგებოდა. ის დრო, რაც ღუმელის ანთებასა და მის მოვლაში გვჭირდება, სხვა სოფლის საქმეებში გამოგვადგებოდა, რისთვისაც ასევე დიდი დროა სჭირო. წივის შესანახად ხალხი ბრეზენტს ყიდულობს,მისი ფასი კი 150 ლარია, რაც დამატებითი ხარჯია. ქარბუქის დროს ეს ბრეზენტი იხევა და სველდება, რის გამოც წივა აღარ იწვის. ამის გამო ზოგიერთებს წივის გაკეთებაც აღარ სურთ,” – ამბობს კიდევ ერთი მაცხოვრებელი.
ერთ-ერთ მაცხოვრებელს, რომელსაც 300-მდე ცხვარი ჰყავს, ბოსელი სახლიდან 1 კილომეტრში აქვს. მძიმე შრომის შემდეგ, სახლში გვიან ღამით ბრუნდება და ხვდება ჩაქრალი ღუმელი, რაც დამატებით რთულდება ზამთრის პირობებში.ოჯახი ცხვრების მოსავლელად ყოველდღე მუშაობს და სახლში ხშირად ღამის 12 საათზე ბრუნდებიან. ამ დროისთვის ღუმელი უკვე ჩამქრალია ხოლო ღამის საათებში ხელახლა ცეცხლის დანთება და სახლის საქმეების მართვა დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
-‘ღამის 12 საათზე ფეჩი დავანთოთ, სახლის საქმეებს მივხედოთ თუ სხვა საქმეები მოვასწროთ? გამთენიის 4 საათზე უკვე ისევ ბოსელში უნდა ვიყოთ, ცხვრებს რომ მოვუვლოთ. გაზი რომ იყოს, რამდენად მარტივად მოგვარდება ეს ყველაფერი.” – აღნიშნავს სოფლის მაცხოვრებელი.
მოსახლეობა იხსენებს, რომ 2020-2021 წლებში გაზიფიცირების დაპირება მიიღეს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო პროექტი გადაიდო. ბოლო წლებში გაჟღერებული გეგმებიც უშედეგოდ დარჩა, რამაც სოფლის მოსახლეობაში უნდობლობა გააჩინა.
-‘’ახლა რომც მოვიდნენ და გვითხრან, გაზიფიცირებას ვიწყებთო, არ დავიჯერებთ. მათი სიტყვები არაფერს ნიშნავს. ხვალ თუ არავინ იზრუნებს ჩვენზე, თავად ავაგროვებთ ფულს და გაზს სოფელში შევიყვანთ,“ – ამბობენ ისინი.
სოფელში მუდმივი სიცივისა და გაზის არარსებობის გამო საცხოვრებელი პირობები თანდათან უარესდება.
-‘’რემონტის გაკეთებას აზრი აღარ აქვს, რადგან ბოლისა და მტვერის გამო ყველაფერი მალევე ფუჭდება. სახლებიც ნელ-ნელა ცარიელდება, რადგან ხალხი სოფელს ტოვებს,” – აცხადებს კიდევ ერთი ადგილობრივი.
ფარავანის მოსახლეობა მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობას, გაზიფიცირების გეგმები და პროცესი უფრო დეტალურად და დროულად გააცნონ მათ. ისინი მზად არიან აქტიური მონაწილეობის მისაღებად, თუ საჭირო გახდება ფინანსური წვლილის შეტანა ან სხვა რესურსების მობილიზება.
-‘’თუ სახელმწიფოს არ შეუძლია ან არ აქვს გაზიფიცირების პროგრამა, ეს მაინც გვითხრან. სოფლის მოსახლეობა თავად ავაგროვებთ ფულს და საკუთარი ძალებით შევიყვანთ გაზს. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ დასხდნენ, მოგვისმინონ და შემოგვთავაზონ გაზიფიცირების გეგმა. გაზიფიცირებით უამრავი პრობლემა მოგვარდება,” – აღნიშნავენ ფარავანის მცხოვრებლები.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან კონტაქტის მცდელობაც უშედეგოა.
-”ვინც უნდა მივიდეს, ყველა ამბობს, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის. აღარ ვიცით, ვის მივმართოთ,” – აცხადებენ ისინი.
ფარავანი საქართველოს სხვა მაღალმთიან სოფლებს შორის ერთ-ერთი მაგალითია, სადაც რთული კლიმატური და ინფრასტრუქტურული პირობები ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაციას იწვევს. გაზიფიცირება არამხოლოდ კომფორტის, არამედ სოფლის დემოგრაფიული გადარჩენისთვის აუცილებელი ნაბიჯია.რადიო NOR-მა არარერთხელ დაწერა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არსებული სოფლების გაზიფიცირების პრობლემის შესახებ.იხილეთ რადიო NOR-ის ძველი სტატია.
გათბობის გეგმა „თბილი ტყუილი“ ნინოწმინდის სოფლების გაზიფიცირების ზღაპარი