სოფელ ფარავანის მოსახლეობის პრობლემები: შიდა გზები, სკოლა, მიწების რეგისტრაცია და სოციალური გამოწვევები

სოფელ ფარავანის მოსახლეობის პრობლემები: შიდა გზები, სკოლა, მიწების რეგისტრაცია და სოციალური გამოწვევები

რადიო NOR-მა 7- ნოემბერს სოფელ ფარავანში გამართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა გაერკვია მათი პრობლემები და მოესმინა მათი ხედვები ამ საკითხების გადაჭრის გზებზე. შეხვედრას 15 ადგილობრივი მცხოვრები ესწრებოდა. სოფლის მაცხოვრებლებმა ჟურნალისტებს გააცნეს თავიანთი პრობლემები და წარუდგინეს მათი გადაჭრის ალტერნატიული წინადადებები. პირველ პრობლემად მოსახლეობამ გაზიფიცირების საკითხი დაასახელა.სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, რომელიც ანონიმურობის პირობით გვესაუბრა,გვეუბნება,რომ.-”ფაქტობრივად საწვავის გარეშე დავრჩი. შეშა ცოტა მაქვს, წივაც აღარ დამრჩა. ცოტა ხნის წინ შეშა მოიტანეს და 600 ლარი მომთხოვეს, რაც ვერ გადავიხადე. ჩემი პენსია 380 ლარია, ეს თანხა საჭმელში დავხარჯო თუ შეშაში – აღარ ვიცი. გაზის არქონა ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა. ყოველ წელს გვპირდებიან,მაგრამ როდის იქნება, არავინ იცის.გაზიფიცირების არარსებობა მარტო ყოველდღიურ ცხოვრებას არ ართულებს, არამედ პირდაპირ გავლენას ახდენს სოფლის საბავშვო ბაღსა და სკოლაზე, სადაც ზამთარში ბავშვები სიცივის გამო ხშირად ავადმყოფობენ.

ადგილობრივებს ხშირად უწევთ შეშისა და წივის ალტერნატიული გზების ძებნა, მაგრამ არც ეს არის იაფი. ბრეზენტი, რომლითაც ხალხი წივას ინახავს, ხშირად იხევა და სველდება, რის გამოც წივა უვარგისი ხდება.სოფლის მოსახლეობის დიდი დრო მიაქვს ღუმელის ანთებასა და მის მოვლაში, რაც სხვაგვარად შეიძლება სოფლის სხვა სამუშაოებისთვის გამოიყენონ.-”გაზი რომ გვქონდეს, ჩვენი დროც დაიზოგებოდა. ის დრო, რაც ღუმელის ანთებასა და მის მოვლაში გვჭირდება, სხვა სოფლის საქმეებში გამოგვადგებოდა, რისთვისაც ასევე დიდი დროა სჭირო. წივის შესანახად ხალხი  ბრეზენტს ყიდულობს,მისი ფასი კი  150 ლარია, რაც დამატებითი ხარჯია. ქარბუქის დროს ეს ბრეზენტი იხევა და სველდება, რის გამოც წივა აღარ იწვის. ამის გამო ზოგიერთებს წივის გაკეთებაც აღარ სურთ,” – ამბობს კიდევ ერთი მაცხოვრებელი.ერთ-ერთ მაცხოვრებელს, რომელსაც 300-მდე ცხვარი ჰყავს, ბოსელი სახლიდან 1 კილომეტრში აქვს. მძიმე შრომის შემდეგ, სახლში გვიან ღამით ბრუნდება და ხვდება ჩაქრალი ღუმელი, რაც დამატებით რთულდება ზამთრის პირობებში.ოჯახი ცხვრების მოსავლელად ყოველდღე მუშაობს და სახლში ხშირად ღამის 12 საათზე ბრუნდებიან. ამ დროისთვის ღუმელი უკვე ჩამქრალია ხოლო ღამის საათებში ხელახლა ცეცხლის დანთება და სახლის საქმეების მართვა დიდ ძალისხმევას მოითხოვს.-‘ღამის 12 საათზე ფეჩი დავანთოთ, სახლის საქმეებს მივხედოთ თუ სხვა საქმეები მოვასწროთ? გამთენიის 4 საათზე უკვე ისევ ბოსელში უნდა ვიყოთ, ცხვრებს რომ მოვუვლოთ. გაზი რომ იყოს, რამდენად მარტივად მოგვარდება ეს ყველაფერი.” – აღნიშნავს სოფლის მაცხოვრებელი.

მოსახლეობა იხსენებს, რომ 2020-2021 წლებში გაზიფიცირების დაპირება მიიღეს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო პროექტი გადაიდო. ბოლო წლებში გაჟღერებული გეგმებიც უშედეგოდ დარჩა, რამაც სოფლის მოსახლეობაში უნდობლობა გააჩინა.-‘’ახლა რომც მოვიდნენ და გვითხრან, გაზიფიცირებას ვიწყებთო, არ დავიჯერებთ. მათი სიტყვები არაფერს ნიშნავს. ხვალ თუ არავინ იზრუნებს ჩვენზე, თავად ავაგროვებთ ფულს და გაზს სოფელში შევიყვანთ,“ – ამბობენ ისინი.სოფელში მუდმივი სიცივისა და გაზის არარსებობის გამო საცხოვრებელი პირობები თანდათან უარესდება.-‘’რემონტის გაკეთებას აზრი აღარ აქვს, რადგან ბოლისა და მტვერის გამო ყველაფერი მალევე ფუჭდება. სახლებიც ნელ-ნელა ცარიელდება, რადგან ხალხი სოფელს ტოვებს,” – აცხადებს კიდევ ერთი ადგილობრივი.

ფარავანის მოსახლეობა მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობას, გაზიფიცირების გეგმები და პროცესი უფრო დეტალურად და დროულად გააცნონ მათ. ისინი მზად არიან აქტიური მონაწილეობის მისაღებად, თუ საჭირო გახდება ფინანსური წვლილის შეტანა ან სხვა რესურსების მობილიზება.-‘’თუ სახელმწიფოს არ შეუძლია ან არ აქვს გაზიფიცირების პროგრამა, ეს მაინც გვითხრან. სოფლის მოსახლეობა თავად ავაგროვებთ ფულს და საკუთარი ძალებით შევიყვანთ გაზს. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ დასხდნენ, მოგვისმინონ და შემოგვთავაზონ გაზიფიცირების გეგმა. გაზიფიცირებით უამრავი პრობლემა მოგვარდება,” – აღნიშნავენ ფარავანის მცხოვრებლები.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან კონტაქტის მცდელობაც უშედეგოა.-”ვინც უნდა მივიდეს, ყველა ამბობს, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის. აღარ ვიცით, ვის მივმართოთ,” – აცხადებენ ისინი.

სოფელ ფარავანში მოსახლეობა ზამთარში შიდა გზების გაწმენდის სერიოზულ პრობლემას აწყდება. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, თოვლის დროს გზები გაუვალი ხდება. მოსახლეობას უწევს საკუთარი ძალებითა და სახსრებით გზების გაწმენდა, რათა ბავშვებმა შეძლონ სკოლაში და ბაღში მისვლა, ხოლო უფროსებმა – სოფლის საქმეების კეთება. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, შესაბამისი სამსახურები დახმარებას არ უწევენ.როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა აღნიშნა:-‘’როდესაც მივმართავთ და ვთხოვთ, რომ გზები გაგვიწმინდონ, გვეუბნებიან, რომ ამის უფლება არა აქვთ. ამაზე დაყრდნობით, ჩვენ თვითონ ვიღებთ ნიჩბებს და ვიწყებთ გზების გაწმენდას. ეს მხოლოდ დროებითი გამოსავალია და რეალური დახმარება აუცილებელია.

ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს სოფლის სკოლა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და  ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან სასწავლო პროცესს. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, სკოლა იმდენად დაზიანებულია, რომ სასწავლო პროცესი დროებით სოფელში ნაქირავებ სახლში მიმდინარეობს. თუმცა ესეც არ არის საკმარისი.-‘’სახლი, სადაც ბავშვები სწავლობენ, სათანადოდ ვერ თბება. საწვავი არის, მაგრამ ყველა ოთახში ღუმელი ვერ დავდგით. ერთი ღუმელით გათბობისას ბავშვები იძულებულნი არიან ღია კარებებში ისხდნენ, რაც ხელს უშლის სასწავლო პროცესს,” – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.მშობლებმა დროებითი გადაწყვეტილების სახით ელექტრო გამათბობლები დააყენეს, მაგრამ გამათბობლები სრულფასოვნად ვერ მუშაობენ.

ფარავანის მაცხოვრებლები საჩივრობენ, რომ რძის პროდუქტებზე დაბალი ფასები მათთვის წამგებიანია. ერთ-ერთი ადგილობრივი ფერმერი ამბობს-‘’300 სული ცხვარი მყავს. 2 ტონა ყველი ვაწარმოე, მაგრამ ვერ ვყიდი. თივაში 25,000 ლარი დავხარჯე და ახლა კრედიტის აღება მჭირდება, რათა ცხვრები შევინახო. ეს ბიზნესიც წამგებიანია.”

სოფლის მოსახლეობას მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემებიც აწუხებს. ერთ-ერთი მაცხოვრებელი აღნიშნავს, რომ 30 წელია მიწას იყენებს, მაგრამ რეგისტრაციის პროცესი ბიუროკრატიულ სირთულეებს აწყდება.-‘’მეუბნებიან, მადლობელი იყავი, რომ ამდენი წელი მაინც იყენებდი მიწას. ვერაფერს ვახერხებთ, რადგან საბუთებს არ გვიწესრიგებენ,” – ამბობს ფარავანის მაცხოვრებელი.

სოფლის მცხოვრებლები თევზჭერითაც არიან დაკავებული, თუმცა ეშინიათ, რომ ამ საქმიანობასაც აუკრძალავენ. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ სოფელი ნელ-ნელა იცლება და სახლები ცარიელი რჩება.-‘’ჩვენც ჩვენი შვილებისთვის ნათელი მომავალი გვინდა, მაგრამ ამ პირობებში სოფელში დარჩენა ყოველდღიურად რთულდება,” – აღნიშნავენ ისინი.

ფარავანის პრობლემები კომპლექსურია და მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს. მოსახლეობა სახელმწიფოსა და ადგილობრივი ხელისუფლებისგან კონკრეტული და დროული გადაწყვეტილებების მიღებას ელოდება.