ავტორი რიმა მარანგიზიან
საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებამ საზოგადოებასა და ექსპერტებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლების თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის გაძლიერებას ემსახურება, არაერთმა პროფესიონალმა, მათ შორის ბუღალტერმა და ფინანსისტმა მანანა ხუციშვილმა, ეჭვქვეშ დააყენა.
მანანა ხუციშვილი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, აცხადებს, რომ კანონის ინიცირებამ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.
– “საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები ისედაც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში და რეგულარულად ავსებენ დეკლარაციებს. იქნება ეს მოგების, დღგ-ს თუ საშემოსავლოს დეკლარაცია. მათი საქმიანობა ისედაც სრულად გამჭვირვალეა”, – ამბობს ის.
ხუციშვილი ხაზს უსვამს, რომ კანონის ინიცირება ზედმეტი ბიუროკრატიული ტვირთია და არსებულ წესრიგში ცვლილებას არ საჭიროებს.
– “ამ კანონმა შესაძლოა ისეთი ორგანიზაციების მუშაობაც კი შეაფერხოს, რომლებიც არანაირ კანონდარღვევას არ ჩადიან”, – დასძენს ის.
ხუციშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კანონის რუსულ მოდელზე, რომელზეც ხშირად აპელირებენ მისი კრიტიკოსები.
– “რუსეთში კანონი თავდაპირველად შედარებით რბილი ჩანდა, მაგრამ დროთა განმავლობაში გამკაცრდა და მოქალაქეების წინააღმდეგ ამოქმედდა. ქართული ვარიანტი კი უკვე დასაწყისშივე საკმაოდ ხისტია”, – აცხადებს ის.
ხუციშვილის თქმით, მსგავსი კანონების ძირითადი მიზანი არა გამჭვირვალობის გაძლიერება, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვა და კონტროლი.
– “ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, რომლებთან ინტეგრაციისკენაც ჩვენ წლების განმავლობაში მივისწრაფით”, – დასძენს ის.
ახალი კანონის ამოქმედება სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ქვეყნის განვითარებაზე.
– “ახალი რეგულაციები მათ არა მხოლოდ დამატებით დროსა და რესურსს ართმევს, არამედ საქმიანობის შეწყვეტის საფრთხეს უქმნის”, – ამბობს ხუციშვილი.
მისი თქმით, ყველაზე მწვავე პრობლემა არის ორგანიზაციების ფინანსების დამატებითი შემოწმება და სახელმწიფოს მხრიდან გადამეტებეული ჩარევის შესაძლებლობა.
– “ეს კანონი არ ემსახურება გამჭვირვალობას, არამედ იგი თავისუფლების შეზღუდვას უფრო ნიშნავს”, – აღნიშნავს ხუციშვილი.
მანანა ხუციშვილის პოზიცია ნათლად ასახავს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას არასამთავრობო სექტორი ახალი კანონის პირობებში.
– “საქართველოში არასამთავრობო სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაში და ქვეყნის განვითარებაში. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ამ სექტორს ზიანს მიაყენებს, დიდი საფრთხეა ჩვენი მომავლისთვის”, – ამბობს ხუციშვილი.
ახალი კანონის მიმართ კრიტიკა ცხადყოფს, რომ გამჭვირვალობა შესაძლებელია არსებული ინსტრუმენტების დახვეწით, დამატებითი ბიუროკრატიული შეზღუდვების გარეშეც.