“რუსული კანონის” გავლენა უცხოელ სტუდენტებზე და მათ სწავლაზე

“რუსული კანონის” გავლენა უცხოელ სტუდენტებზე და მათ სწავლაზე

ე.წ. გამჭვირვალობის კანონპროექტი, რომელიც კვლავ საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის ეპიცენტრშია, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, არამედ უცხოელ სტუდენტებს და მათ შესაძლებლობებს. სომხეთიდან საქართველოში მცხოვრები და მომუშავე ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტმა მნიშვნელოვნად შეცვალა მათი აკადემიური და პროფესიული ცხოვრება.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამაგისტრო პროგრამა მულტიმედია ჟურნალისტიკაში და მედიამენეჯმენტში ცნობილია თავისი მრავალეროვანი სტუდენტებით. თუმცა, “უცხოელი აგენტების” კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამებზე, არამედ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებზეც, რომლებიც ამ პროგრამებში მონაწილეობენ.
GIPA-ს მაგისტრატურის სტუდენტი, ნარეკ ალექსანიანი, იხსენებს, რომ საქართველოში გადმოსვლისთანავე ესწრებოდა კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარე პროტესტებს.

– “როცა 2023 წელს გადმოვედი საქართველოში, უკვე მიმდინარეობდა დემონსტრაციები ამ კანონის წინააღმდეგ. 2024 წელს კვლავ დღის წესრიგში დადგა ეს საკითხი, რამაც გვაფიქრებინა, რომ, ვინაიდან ჩვენ პროგრამას აშშ-ის საელჩო აფინანსებს, შესაძლოა “უცხოური აგენტების” იარლიყი მოგვაკერონ”, – ყვება ნარეკი.

მისი თქმით, კანონპროექტი პირდაპირ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, არამედ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც.

 

– “საქართველოსა და სომხეთის მედიაში ვითარება ძალიან ჰგავს ერთმანეთს. გრანტების გარეშე მედიასაშუალების შენარჩუნება რთულია. თუ ეს კანონი მიიღეს, მედიასაშუალებები იძულებულნი იქნებიან დაეყრდნონ სახელმწიფო გრანტებს, რაც მათი დამოუკიდებლობის შეზღუდვას გამოიწვევს”, – თვლის ალექსანიანი.

კანონპროექტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია მათთვის, ვინც საერთაშორისო სტიპენდიებითა და პროგრამებით სარგებლობს. 

GIPA-ს კიდევ ერთი მაგისტრატურის სტუდენტი, მილენა ბარსეღიანი, გვიყვება კანონპროექტის გავლენას საგანმანათლებლო გარემოზე:

– “ჩვენი სტიპენდია უზრუნველყოფილია აშშ-ის საელჩოს მიერ. თუ ეს კანონი მიიღეს, ჩვენი უნივერსიტეტი შეიძლება დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის საფრთხე დროებით აცილებულია, მომავალი თაობებისთვის მსგავსი შესაძლებლობები გაურკვეველია”, – ამბობს მილენა.

Radio NOR · Milena Barsegyan

გოჰარ ჰაირაპეტიანი, ჟურნალისტი და პოლიტიკური კომენტატორი, რომელიც ასევე სწავლობს თბილისში, კანონპროექტს ინიცირების დღიდან აშუქებს:

– “ეს კანონპროექტი მხოლოდ საქართველოს თავსატეხი არ არის. ამჟამად საქართველოდან ფუნქციონირებს მრავალი ორგანიზაცია, რომელიც რეგიონულ საკითხებს ეხება. ეს კანონი ზიანს აყენებს ჟურნალისტურ საზოგადოებას და საჯარო სექტორს მთელს რეგიონში”, – აღნიშნავს გოჰარი.


უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი საფრთხეს უქმნის ჟურნალისტურ და აკადემიურ გარემოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც, სადაც დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა არსებით ღირებულებებს წარმოადგენს.